მანიპულაცია თუ პარტიების რეალური დაპირებები პენსიონერებს
წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის მრავალფეროვანია. დაპირებებისა და სლოგანების ფორმირებაზე ყოველი არჩევნების წინ დიდი ფინანსური რესურსი იხარჯება. პარტია ,,ევროპული საქართველოს“ მთავარი გეგმა უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს. წინასაარჩევნო გეგმის ერთ–ერთი მთავარი დაპირება კი საპენსიო დანამატია.
პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც პარტია მოიგებს თვითმმართველობის არჩევნებს, საპანსიო დანამატისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში გარკვეული თანხა იქნება გათვალისწინებული. ბაქრაძე განმარტავს, რომ ეს თანხა გამოიყოფა პრემიებისა და დანამატების გაუქმების ხარჯზე,,ასობით ათას პენსიონერს უწევს გამკლავება გაძვირებულ ცხოვრებასთან, გაზრდილ ფასებთან, გაძვირებულ წამალთან, სიღარიბესთან და შეიქმნა ვითარება, როდესაც ხელისუფლება ერთ სიტყვას არ ეუბნება პენსიონერებს თუ რას ჰპირდება, იქნება თუ არა ამ ქვეყანაში პენსიის ზრდა და როგორ და როდის გაიზრდება პენსია და მათი შემოსავალი. ჩვენი გეგმა მდგომარეობს შემდეგ ფორმულაში: შემცირდება ბიუროკრატიული ხარჯი, ნათესავების, აქტივისტების, მეგობრების დასაქმება. პრემია/დანამატების გარდა, აღარ იქნება ფუფუნების ხარჯები. მანქანები, უზომოდ გაბერილი ბენზინის ხარჯები. სწორედ ამის ხარჯზე ვაპირებთ, გავზარდოთ პენსია“, – განუცხადა Knews.ge–ს დავით ბაქრაძემ.
პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მათი გამარჯვების შემთხვევაში, კახეთის რეგიონში, თელავში პენსიის მომატებას 30 ლარით შეძლებენ, ხოლო რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი საპენსიო დანამატი 20 ლარით განისაზღვრება.
,,ევროპული საქართველოს“ თელავის მერობის კანდიდატი ლელა მენთეშაშვილი მუნიციპალიტეტებში პენსიის დიფერენცირებული ოდენობით მატებას ადგილობრივ ბიუჯეტში თანხის განსხვავებული რაოდენობით ხსნის.
,,რეგიონის ყველა ქალაქში პენსიის ერთნაირი მატება ვერ იქნება. ეს ყველაფერი დათვლილია ბიუჯეტებში არსებული ციფრების მიხედვით. თელავის ბიუჯეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პენსია გავზარდოთ 30 ლარის ოდენობით. შესაბამისად, 12 ათას 365 პენსიონერზე გამოიყოფა დაახლოებთ 4 მილიონ ნახევარი ლარი. ჩვენ გავზრდით პენსიას პრემია–დანამატების ხარჯზე. ჩვენი დაპირება არის რეალური და ჩემი მერობის შემთხვევაში, ეს ინიციატივა განხორციელდება“, – აღნიშნავს Knews.ge–სთან ლელა მენთეშაშვილი.
,,ევროპული საქართველოს“ ინიციატივის განხორციელების არ სჯერა მმართველი გუნდის თელავის მერობის კანდიდატს. შოთა ნარეკლიშვილი აღნიშნულს დაპირებას არარეალურად აფასებს.
,,ევროპული საქართველოს დაპირება არარეალურია. მათ შეცდომაში შეჰყავთ ხალხი. მათი დაპირებაა, რომ თელავში საპენსიო დანამატი იქნება 30 ლარი. მათ უნდა დააკონკრეტონ, რა თანხებით აპირებენ თითოეულ პენსიონერზე 30 ლარის გამოყოფას ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ეს არის იაფფასიანი მანიპულაცია. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია არ არის პენსიების მომატება“, – ამბობს Knews.ge-სთან საუბრისას შოთა ნარეკლიშვილი.
პენსიონერებისთვის სიახლე აქვთ პოლიტიკურ გაერთიანებას ,,ერთობა ახალი საქართველოსთვის” წევრებსაც. თელავის მერობის კანდიდატის, თამარ ლამაზოშვილის მტკიცებით, გამარჯვების შემთხვევაში, საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე იმუშავებს:
,,პენსიის ზრდა არ არისს თვითმმართველობის პრეროგატივა და შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით დაპირებას ვერ გავცემ. პარტიას შეგვაქვს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საპენსიო ასაკი გათანაბრდბა ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის. ბიუროკრატიული ხარჯების მოგვარებით ბიუჯეტიდან გამოთავისუფლდება თანხა, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემს“, – აღნიშნავს Knews.ge–სთან საუბრისას თამარ ლამაზოშვილი.
პენსიონერებს თანხის ოდენობის მომატებას არ პირდება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტის მერობის კანდიდატი. შაქრო ტერტერაშვილი ამბობს, რომ მსგავს დაპირებას არ გასცემენ, თუმცა მერად არჩევის შემთხვევაში ცენტრალურ ხელისუფლებას კონკრეტულ ინიციატივას წარუდგენს.
„ახმეტის მუნიციპალიტეტში არის დისკრიმინაციული ნორმა, რომლის მიხედვითაც პანკისის ხეობის სოფლებში მცხოვრებ პენსიონერებს აქვს 216, ხოლო დანარჩენ სოფლებში მცხოვრებ პენსიონერებს კი, 180 ლარი. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართავთ, გაუქმდეს ეს დისკრიმინაციული ნორმა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ყველა სოფლის პენსიონერს პენსია გაუთანაბრდეს. პენსიის გარდა, ახმეტის ყველა სოფელი, თუშეთის მაღალმთიანი სოფლების გარდა, უნდა იყოს თანაბარ პირობებში“, – აცხადებს Knews.ge–სთან საუბრისას შაქრო ტერტერაშვილი.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება–საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.