ახალი ამბები

აქციაზე დაკავებული ლაგოდეხის მერობის კანდიდატის სასამართლო დღეს გაიმართება

დაკავებულებს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაჭარაშვილის გარდა, თბილისის საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე კიდევ 7 პირი დააკავეს. 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ევა ლომთაძე მაჭარაშვილის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. 
„პოლიტიკოსებმა თავიანთი პროტრსტი გამოხატეს და თბილისის საკრებულოს წინ აქცია გამართეს. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ნებისმიერ პირს აქვს. გარდა ამისა, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერ მოქალაქეს უფლება აქვს დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე საჯარო და მუნიციპალურ შენობებში და დაესწროს ნებისმიერ ღონისძიებას, მათ შორის, საკრებულოს სხდომას. აქციის მონაწილეები, მათ შორის, თორნიკე მაჭარაშვილი საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, მაგრამ პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა და დააკავა. დარწმუნებული ვარ, თორნიკეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ ჩაუდენია. ის ამ ხელისუფლების პატიმარია“, – განუცხადა knews.ge-ს ევა ლომთაძემ. 
გუშინ თბილისის საკრებულოსთან ”ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, მათ შორის ლაგოდეხის მერობის კანდიდატი თორნიკე მაჭარაშვილი, ცდილობდნენ საკრებულოს სხდომაზე შესვლას, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის თბილისის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის მიზეზი საკრებულოს დეპუტატის სხდომაზე შეშვების მოთხოვნა გახდა.