თელავში მშენებარე შენობა ჩამოინგრა
თელავში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე შენობა ჩამოინგრა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება თელავის ვიცე მერი. თენგიზ მთვარელიშვილის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა მშენებლობაზე დასაქმებული ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
“შენობა კერძო ინვესტიციით შენდება. ეს არის მრავალფუნქციური კომერციული ობიექტი. ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ ჩამოინგრა ეს შენობა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის”, – განუცხადა knews.ge-ს თენგიზ მთვარელიშვილმა.„კახეთის ხმის“ ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევა შესაძლოა მშენებლობის ნორმების დარღვევით იყო გამოწვეული. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ერთი მუშა შენობის ნანგრევებშია მოყოლილი, ადგილზე სამაშველო ბრიგადა მუშაობს.