გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა
ფესტივალი კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა გახსნეს. სამანიშვილის ინფორმაციით, ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.
„ძალიან სასიხარულოა, რომ გურჯაანიც შემოუერთდა ღვინის კვირეულს. უკვე მეოთხე წელია ვატარებთ საქართველოს მასშტაბით ქართული ღვინის კვირეულს. თავდაპირველად ჩავატარეთ ქართული ღვინის დღე, რომელმაც შემდგომში კვირეულის სახე მიიღო, რადგან მოსახლეობას, მევენახეებს, ღვინის დამფასებლებს აერთიანებს სურვილი, რომ რთველის დასასრული, ეს შესანიშნავი პერიოდი ყველამ ერთად იზეიმოს“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
გურჯაანის ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის კულტურის ისტორიის პავილიონები, საშემოდგომო ნობათი, დამზადდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელები, სახალისო ვიქტორინაში გათამაშდა ღვინოები, გაიხსნა ქვევრი. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივმა ფოლკლორულმა გუნდებმა.
ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის პატრონაჟით გაიმართა.
ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში ღვინის ფესტივალი “თელავინო” დღეს თელავში ტარდება. ქართული ღვინის დღე პირველად 2014 წელს აღინიშნა. ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა.