თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
უწყების ცნობით, თუშეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
4 ოქტომბერს, დილით, ფშაველი–აბანო–ომალოს ერთადერთ საავტომობილო გზაზე, ორ ადგილას მცირე ზვავი ჩამოწვა, რომლის გამოც ორმა ავტომანქანამ მოძრაობა ვეღარ განაგრძო. აბანოს უღელტეხილთან ლევან სულაკაურმა, რომელიც ომალოში სასტუმროს აშენებს, და მისმა მეგობარმა ღამე ავტომობილში გაათიეს. საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო გუშინ თუშეთიდან უახლოეს საავადმყოფოში ავადმყოფი ტურისტიც ვერ გადმოიყვანეს, რომელსაც ორი დღეა ფარული სისხლდენა აქვს. როგორც knews.ge–ს თუშეთის ექიმმა, ირაკლი ხვედაგურიძემ განუცხადა, 47 წლის მამაკაცს, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სოფელ ომალოს სამედიცინო პუნქტში პირველადი სტაციონარული მკურნალობა უკვე ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„მამაკაცს აღარ აქვს ფარული სისხლდენა. პირველადი სამედიცინო დახმარება ჩავუტარე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, –განუცხადა knews.ge–ს ირაკლი ხვედაგურიძემ.