ერთი მოქალაქის მდუმარე პროტესტი თელავის გამგეობაში
,,2 დღეა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს საჯარო მოხელეებთან გასაუბრებას. კომისიის წევრი არის 7, რომელსაც კახა ყიფიანი ხელმძღვანელობს. ამ ყველაფერზე ჩემი პროტესტი არის მდუმარე, თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი ტექსტით. კახა ყიფიანს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს არაფერი ესაქმება ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან. შეწყდეს თვითმმართველობის დაკნინება”, – ამბობს არჩილ მჭედლიშვილი.
ხვალ, 13:00 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი აქტივისტები შეხვედრას გამართავენ. ისინი, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან და საუბრის თემა იქნება თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება.
შეგახსნებთ, რომ მათ, ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ პროტესტის ნიშნად თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი უკვე “წარადგინეს”. აქტივისტები ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარ გაგრძელებად მიიჩნევს.
,,ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც არ აპირებენ არჩევნებზე წასვლას და არაფრის იმედი არ აქვთ და თვლიან, რომ არცერთი პარტია მათ მხარდაჭერას არ იმსახურებს, მაინც მივიდნენ არჩევნებზე, ჩაწერონ ბიულეტენში და შემოხაზონ ცხვარი”, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ მჭედლიშვილმა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
ფოტო: არჩილ მჭედლიშვილი