თუშეთიდან ავადმყოფის გადმოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება
მას ფარული სისხლდენა აღენიშნებოდა. როგორც knews.ge–ს თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა, ლადო კახოიძემ განუცხადა, დღეს ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ზვავისგან გაიწმინდება და სასწრაფო დახმარების ბრიგადა პაციენტს უახლოეს საავადმყოფომდე გადაიყვანს.
„გზის გაწმენდითი სამუშაოები დილის 5 საათიდან დაიწყო. გზა, სავარაუდოდ, 1 საათში გაიხსნება. სასწრაფო დახმარების ბრიგადა უკვე გამოვიძახეთ“, – განუცხადა knews.ge–ს ლადო კახოიძემ.
როგორც knews.ge–ს თუშეთის ექიმმა, ირაკლი ხვედაგურიძემ განუცხადა, 47 წლის მამაკაცს, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, სოფელ ომალოს სამედიცინო პუნქტში პირველადი სტაციონარული მკურნალობა უკვე ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„მამაკაცს აღარ აქვს ფარული სისხლდენა. პირველადი სამედიცინო დახმარება ჩავუტარე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განუცხადა knews.ge–ს ირაკლი ხვედაგურიძემ.
ამ დროისთვის თუშეთში აღარ თოვს. ფშაველი–აბანო–ომალოს დამაკავშირებელი გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე ზვავი გუშინ ჩამოწვა.