წიწკანაანთსერში მდებარე რძის ფერმა წარმოების გაორმაგებას გეგმავს
კომპანიის ხელმძღვანელის, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ბაზარზე რძეზე მოთხოვნა ძალიან დიდია და შესაბამისად მისი კომპანია საქმიანობას გააფართოვებს.
პაპაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე, ფერმის გასაფართოებლად, საბანკო კრედიტის მოზიდვაზე მიმდინარეობს მუშაობა.
,,2014 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის მე-3 კომპონენტის ფარგლებში, შპს „ყვარლის ბაგამ“ ფერმის ასაშენებლად, 600 ათასი დოლარის ოდენობის სესხი აიღო. აღებული თანხით კომპანიამ ყვარელში ფერმა ააშენა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ განვახორციელეთ ყველაზე რისკიანი პროექტი საქართველოში – ავაშენეთ კლასიკური დასავლური ტიპის და ძალიან შთამბეჭდავი ფერმა და შევიძინეთ 132 სული ჰოლშტეინის ჯიშის დეკეული, წარმოებულ რძეს კი მთლიანად „სანტეს“ ვაწვდით. ფერმის ტერიტორიაზე, ასევე, განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა პერსონალისთვის, ძირითადი ბაგა ძროხებისთვის, რომელიც მოიცავს საწველ და სამშობიარო ბლოკებს, ასევე სახბორე, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისთვის და სასილოსე მასალის შესანახ ნაგებობებს. ჩვენ საქონლის საკვების ნედლეულს საკუთარ ფართობებზე ვაწარმოებთ. ხარისხიანი მოსავლის მიღების მიზნით, კომპანიამ სასუქის შესაძენად შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მე-2 კომპონენტის ფარგლებში 100 ათასი ლარის ოდენეობის სესხიც აიღო. „ყვარლის ბაგაში“ 15 ადგილობრივია დასაქმებულია. ფერმის ძირითადი პარტნიორები ლაქტალისი (სანტე) და აგროჰაბი არიან”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა ლაშა პაპაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია, დღეში, 12 ტონა რძეს აწარმოებს, გაფართოვების შემდეგ კი 24-25 ტონა რძის გადამუშავებას შეძლებენ.