საია ყარაჯალას სკოლაში ჰიჯაბის აკრძალვასთან დაკავშირებით ომბუდსმენს მიმართავს
საქმე ეხება ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან მოსწავლე გოგონასთვის საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე მუსლიმური რელიგიური სიმბოლოს ჰიჯაბის ტარების აკრძალვას.
როგორც knews.ge-ს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა განუცხადა, საია უჩა ნანუაშვილთან ასაჩივრებს სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტს, რომელიც მოსწავლისაგან ითხოვს სკოლაში ქუდის, კეპის, ბენდენას და თავსახვევის ტარების აკრძალვას. მისივე განმარტებით, შინაგანაწესის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლითაც აკრძალულია ირიბი დისკრიმინაცია (ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულების დაუშვებლობა).
„თავსახვევის ამკრძალავი სკოლის შინაგანაწესი ნეიტრალურია რელიგიური სიმბოლოების მიმართ, თუმცა ამ დებულების აღსრულების პრაქტიკა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ გოგონას ქრისტიან თანატოლებთან შედარებით. შინაგანაწესი მსგავს აკრძალვას არ აწესებს მოსწავლის მიერ საჯარო სკოლაში ქრისტიანული ჯვარის ტარებასთან დაკავშირებით. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა დაწესებულებამ, მათ შორის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლამ თავისი შიდა რეგულაციები შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან“, – განუცხადა knews.ge-ს მარეხ მგალობლიშვილმა.
საია სთხოვს ომბუდსმენს, რეკომენდაციით მიმართოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს, რომ შეიცვალოს შინაგანაწესი, რათა მუსლიმ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეს ატარონ ჰიჯაბი.