კახეთის რეგიონში ,,ქალთა ოთახები“ გაიხსნება
დოკუმენტი ითვალისწინებს რეგიონში გენდერული თანასწორობის კანონმდებლობის აღსრულებსა და დამკვიდრებას, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სოფლად მცხოვრები მოქალაქეების თანასწორი გაძლიერების ხელშეწყობას.
„HEKS/EPER-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ რეგიონული დირექტორის ნანა თოფურიძის ინფორმაციით, „ქალთა ოთახი“ წარმოადგენს ღია სივრცეს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ჰქონდეთ ეფექტური კომუნიკაცია და გაზარდოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
,,პროექტი “MOLI კახეთში” წლებია ემსახურება მეცხოველეობის განვითარებას რეგიონში. დღეიდან ვიწყებთ ახალ პროექტს ,,ქალთა ოთახები“, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ ქალთა სოციალურ ინტეგრაციას და გააქტიურებას მუნიციპალიტეტების მუშაობაში. შერჩეული თანამშრომელი, რომელიც დასაქმდება, იქნება პასუხისმგებელი ,,ქალთა ოთახის“ საქმიანობასა და ქალთა ჩართულობაზე“, – განმარტავს knews.ge-სთან საუბრისას ნანა თოფურიძე.
პროექტის „MOLI კახეთში“ გუნდის ლიდერის, სტეფან იოსის განცხადებით, „ქალთა ოთახის” საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს) შესთავაზებს დამატებით საინფორმაციო–საკონსულტაციო სივრცეს, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ შეხვედრების ჩატარება და კომპიუტერით, ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით სარგებლობა.
,,ქალთა ოთახის დაფუძნებით ჩვენ ხელს შევუწყობთ უთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდა ქალბატონებს, რათა მათ დაიწყონ ბიზნესსაქმინობა. თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციული ტექნოლოგიები კიდევ უფრო ვითარდება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან მობილურის გამოყენება და ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ინტერნეტში არის ძალიან კარგი სათარგმნი პროგრამები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ ენობრივი ბარიერი, ქალთა ოთახი მათ დაეხმარება, ამ პროგრამებით ისარგებლონ. ჩვენ, ასევე, ხელს შევუწყობთ ქალებს, რომ ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ჩვენ კავშირი გვაქვს ბიზნეს სექტორთან და ამ პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით მათთან აქტიურად ვითანამშრომლებთ“, – განუცხადა knews.ge-ს პროექტის „MOLI კახეთში“ გუნდის ლიდერმა სტეფან იოსმა.
„Mercy Corps“-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის ირაკლი ქასრაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ სერვისს ორგანიზაცია 2012 წლიდან საქართველოს 3 რეგიონში პროექტ „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს, რომელსაც შვეიცარიის განვითარების სააგენტო აფინანსებს.
,,სულ შექმნილია 19 ქალთა ოთახი საქართველოს 3 რეგიონში – ქვემო ქართლში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში. ამჟამად ვთანამშრომლობთ ჰექს ჰეფერთან, რომ ის გამოცდილება, რაც დაგროვდა ქალთა ოთახების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, გადმოვიტანოთ კახეთის რეგიონში, რომ დაიწყონ მუშაობა. ძირიათადი ფუნქციაა, დაეხმაროს ქალბატონებს, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა შეხვედრაში, სახელმწიფო და არასახელმწიფო პროექტებში, ჩაერთონ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. სოფლებიდან ჩამოსულ ქალბატონებს ექნებათ საშუალება, რომ დაისვენონ ამ ოფისში, სანამ შეხვედრა ექნებათ რომელიმე სტრუქტურის წარმომადგენელთან“, – აღნიშნავს knews.ge-სთან საუბრისას ირაკლი ქასრაშვილი.
კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციების თანახმად, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ეფექტურად უნდა იმუშაოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
,,ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება ,,ქალთა ოთახები“. ამ ოთახების მოწყობის და, ზოგადად, გენდერის საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში შესაბამისი თანამშრომლობისა და პოლიტიკის გატარების აუცილებლობა განსაზღრულია, როგორც საქართველოს კანონდებლობით, ასევე საერთოშორისო ვალდებულებებით, რომელიც საქართველოს გააჩნია. ოთახების გახსნა ხელს შეუწყობს ქალბატონებს, ჰქონდეთ კიდევ უფრო მეტი საშუალება და კომფორტი სერვისების მიღებისათვის, რაც მათ კანონით ეკუთნით. პროექტის ფარგლებში შერჩეული ქალბატონები გადამზადდებიან, ასევე, ოთახები გარემონტდება და შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვება. ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდა კომუნიკაცია და პროექტი განხორციელების ფაზაში გადადის“, – ამბობს knews.ge-სთან საუბრისას ირაკლი ქადაგიშვილი.
მსჯელობა პროექტის ,,ქალთა ოთახების” შესახებ გუბერნატორის ადმინისტრაციაში
ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის გუბერნატორი
მსჯელობა პროექტის ,,ქალთა ოთახების” შესახებ გუბერნატორის ადმინისტრაციაში
მსჯელობა პროექტის ,,ქალთა ოთახების” შესახებ გუბერნატორის ადმინისტრაციაში
ახალი პროექტის ,,ქალათა ოთახების” ფარგლებში მემორანდული გაფორმდა