კახეთში ახალი მუნიციპალური სერვისი “ქალთა ოთახი” შეიქმნება
აღნიშნულ მემორანდუმს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი, „HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის“ რეგიონული დირექტორი, ნანა თოფურიძე, პროექტის „MOLI კახეთში“ გუნდის ლიდერი, სტეფან იოსიფ, „Mercy Corps“ – ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ირაკლი ქასრაშვილი და „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ გუნდის ლიდერი, ჰელენ ბრადბერი მოაწერენ ხელს.
როგორც knews.ge–ს პროექტის “MOLI კახეთში“ მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორმა ნესტან მერმანიშვილმა განუცხადა, „ქალთა ოთახის“ მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს/წაახალისოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
“ქალთა ოთახის საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, თავისუფალ, ღია სივრცეს, სადაც ვიზიტორებს შეეძლებათ კომპიუტერითა და ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად საჭირო სივრცით, ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით სარგებლობა. თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს, რომ “გენდერული თანასწორობის შესახებ” საქართველოს კანონის და მისი სამოქმედო გეგმის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კონვენციების ფარგლებში თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ეფექტურად იმუშაოს გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ხელი შეუწყონ ქალთა და მამაკაცთა თანაბარ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში”, – განუცხადა knews.ge–ს ნესტან მერმანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სერვისი, „Mercy Corps“ – ის პროექტის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე ხორციელდება.