ყვარლის საოლქო კომისიამ სამართლიანი არჩევნების საჩივარი არ დააკმაყოფილა
როგორც knews.ge–ს ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ განუცხადა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აღნიშნული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან მასში მითითებული არ არის საკანონმდებლო აქტი, რომელსაც იგი დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მისივე განმარტებით, სამართლებრივ აქტში მითითებული არ არის მისი გასაჩივრების ვადა და წესი, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევაა და წარმოადგენს აღნიშნული აქტის ბათილობის საფუძველს.
„12 სექტემბერს, სამუშაო საათებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭიპაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, გამოაქვეყნა „ქართული ოცნებიდან“ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, როსტომ სესიაშვილის მხარდამჭერი პოსტი კანდიდატის ფოტოსურათისა და მისი ბიოგრაფიის მითითებით. ქეთევან ჭიპაშვილი როსტომ სესიაშვილს რესურსცენტრისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სახელით მხარდაჭერას უცხადებდა. ჭიპაშვილის თანადებობის გათვალისწინებით აღნიშნული მოწოდება შეიცავს ადმინისტარციული რესურსის გამოყენების ნიშნებს და დაქვემდებარებული პირებისთვის სავალდებულო ინსტრუქციას, თუმცა ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიამ ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მისი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. ჩვენ ცესკოს შესაბამისი განცხადებით აუცილებლად მივმართავთ“, – განუცხადა knews.ge–ს მიხეილ ბენიძემ.
ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გოჩა სარჯველაძის განმარტებით, მიიჩნია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრის დასაკმაყოფილებლად სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.
,,ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭიპაშვილმა ისარგებლა ფეისბუქის პირადი გვერდით, რომლის მოხმარებაც, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში, კანონმდებლობით არ რეგულირდება. შესაბამისად არ დასტურდება ჭიპაშვილის მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევა“, – განუცხადა knews.ge–ს გოჩა სარჯველაძემ.
„სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო კოდექსის 79-ე მუხლის საფძველზე, რესურსცენტრის ხელმძღვანელის 2000 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, „წინასაარჩევნო აგიტაციის და აგიტაციაში მონაწილოების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა-სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.