შვეიცარიაში გურჯაანის მკვიდრი 35 წლის მამაკაცი მოკლეს
კაციაშვილს ჭრილობა ყელის არეში, სავარაუდოდ, ბავშვობის მეგობარმა, სოსო გურგენაშვილმა ცივი იარაღით მიაყენა. Knews.ge-ს ინფორმაციით, მოკლული გურგენაშვილის შვილის ნათლიაა. არსებული ინფორმაციით, ისინი შვეიცარიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდნენ და ლტოლვილებად ჩაბარდნენ. როგორც knews.ge-ს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავესა და ვაჟა კაციაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა. მათი ვარაუდით, დაპირისპირების მიზეზი ძველი კონფლიქტი გახდა. სამართალდამცველებმა შვეიცარიაში სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავეს.
„ვაჟა შვეიცარიაში სოსო გურგენიშვილთან და უცხოელ მოქალაქესთან ერთად ცხოვრობდა. სოსო გურგენაშვილსა და ვაჟა კაციაშვილს ჩხუბი მოუვიდათ. როგორც ვაჟას მამა ამბობს, მისმა შვილმა ფული ისესხა მეგობრისგან და მანქანა იყიდა. სოსომ კი ვაჟას უთხრა, ბინას მართმევენ, გაყიდე მანქანა, ფული მასესხეო და მალე მოგცემო. ვაჟამ გაყიდა მანქანა და მისცა თანხა. გარკვეული ხნის შემდეგ ვაჟას მოუთხოვია სოსოსთვის ფული. იმან კი დაახლოებით 15 კაცი დააყენა თავზე, რატომ მთხოვ ფულსო. როგორც ამბობენ, ეს ძველი ამბავი გაიხსენეს, რის გამოც მათ შორის მოხდა დაპირისპირება“, – განუცხადეს knews.ge-ს გარდაცვლილის მეზობლებმა.
გარდაცვლილის ოჯახმა ვაჟა კაციაშვილის გადმოსვენების მოთხოვნით უკვე მიმართა შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის გადმოასვენებენ გურჯაანში გარდაცვლილს.