ახალი ამბები

ეთნიკური უმცირესობებისთვის ბიულეტენები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი ამომრჩევლებისთვის ქართულ-სომხურ, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე კენჭისყრის დღეს, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება კენჭისყრის შენობისა და პროცედურების ამსახველი პოსტერები, ბიულეტენის შევსების წესი და ამომრჩეველთა ერთიანი სიის გამოსაკრავი და სამაგიდო სია.
,,ეთნიკური უმცირესობების ინფორმრებისთვის ცესკო, ასევე, უზრუნველყოფს ყველა საიმიჯო/საინფორმაციო რგოლის თარგმნას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ცესკო, სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის საშუალებით, რეგიონებში მცხოვრებ სომეხ და აზერბაიჯანელ ამომრჩევლებს ინფორმაციას მიაწვდის ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობის შესახებ და საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ცენტრალური საარჩევნო კომისია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, საარჩევნო პროცედურების შესახებ, ამომრჩევლებთან შეხვედრებსაც გამართავს. წინა არჩევნებისთვის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად ჩასახლებული რეგიონების მიხევით შექნილი იყო 344 საარჩევნო უბანი. კერძოდ: ქართულ-აზერბაიჯანული – 207 უბანი; ქართულ-სომხური – 133 უბანი; ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული – 4 უბანი’’, – განაცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის კახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული 24 საარჩევნო უბანი იყო. აქედან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის №23 მაჟორიტარულ ოლქში 15137 ამომრჩევლისთვის 13 საარჩევნო უბანი შეიქმნა, ლაგოდეხის და ყვარლის №26 მაჟორიტარული ოლქებში, 8585 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის – 7 საარჩევნო უბანი. ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის №28 მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩევლებს კი ხმის მიცემა 4 საარჩევნო უბანზე შეეძლოთ.