თელავის უნივერსიტეტში 271 აბიტურიენტი ჩაირიცხა
კახეთის რეგიონის ერთადერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა 22 საბაკალავრო პროგრამის 585 ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადა მიღება. როგორც knews.ge-ს თესაუს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, შალვა ჭკადუამ განუცხადა, ოფიციალური მონაცემებით მიხედვით, 485–მა აბიტურიენტმა განაცხადში პირველი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიუთითა, თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.
„როდესაც აბიტურიენტები განაცხადს ავსებენ, მათ შეუძლიათ მიუთითონ სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა. პირველი ოცი არჩევანის მიხედვით, 4000–ზე მეტმა აბიტურიენტმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები აირჩია. 485-მა აბიტურიენტმა კი თესაუ განაცხადში პირველ ადგილზე მიუთითა, თუმცა როგორც ჩანს, მათი დიდი ნაწილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებში ჩაიჭრა, რის გამოც წელს 271 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ჩვენ შევავსეთ ვაკანტური ადგილების 47%, თუმცა ამ შედეგებით არ ვართ კმაყოფილები. ველოდებოდით, რომ თელავის უნივერსიტეტში დარეგისტრირებული აბიტურიენტების უფრო დიდი რაოდენობა გახდებოდა ჩვენი სტუდენტი“, – განუცხადა knews.ge–ს შალვა ჭკადუამ.
გასულ წელს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 21 საბაკალავრო პროგარამაზე გამოცხადებულ 700 ადგილზე 278 აბიტურიენტი ჩაირიცხა.