სტატიები

კახეთში აბონენტთა ნაწილისთვის ელექტროენერგიის გადასახადი გაიზრდება

კომპანია, რომელიც აქამდე კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის განაწილებაზე იყო პასუხისმეგებლი, ენერგო-პრო ჯორჯიამ შეისყიდა. ის კახეთში სხვა რეგიონებში უკვე მოქმედი ტარიფების ამოქმედებას გეგმავს. ცნობილია, რომ მოსალოდნელი ცვლილება იმ კომერციულ აბონენტებსა და მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში 300 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ. მათ 17 თეთრის ნაცვლად, 21 თეთრის გადახდა მოუწევთ. პირველი საფეხურის აბონენტებს (101 კვტ.სთ-მდე) კი შედარებით მცირე საფასურს გადაიხდიან. კახეთში მათთვის მოქმედი ტარიფი 12.980 თეთრია, 1 სექტემბრიდან კი დენის საფასური 12.954 თეთრი გახდება. ამ ეტაპზე მეორე საფეხურის აბონენტები (101-300 კვტ.სთ) 16.520 თეთრს იხდიან, მოსალოდნელი ცვლილების მიხედვით კი ახალი ტარიფი 16.931 თეთრით განისაზღვრება.

,,კახეთის ენერგოდისტრიბუციაზე“ გაცემული ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია სემეკ-მა გააუქმა, შედეგად კახეთში სხვა რეგიონებში მოქმედი ტარიფები ამოქმედდება”, – განაცხადეს ენერგო პრო ჯორჯიაში.

ადგილობრივ მოსახლეობა მოსალოდნელ ცვლილებაზე ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს. ისინი ამბობენ, რომ თუ ელეტქროენერგიაზე ტარიფი მოიმატებს, ცვლილება მოსახლეობას ფინანსურად დააზარალებს. 

,,პირველად გავიგე თუ დენის ტარიფი იზრდება, თან სექტმებრიდან. ხომ უნდა გამოაცხადონ მაინც. ან საფასურის გაზრდის დროა, შემოდგომა და ზამთარია კარზე მომდგარი. ვინ შეძლებს ამდენი გაზრდილი კომუნალურების ხარჯის დაფარვას, ძალიან მძიმე ზამთარი იქნება”, – განუცხადა knews.ge-ს თელავში მცხოვრებმა თამარ ჩალათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთის ენერგოსიდტრიბუცია გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანიაა, რომელიც 1 აგვისტოს “ენერგო პრო ჯორჯიამ“ შეიძინა. კახეთის ენერგოდისტრიბუცია საჯარო აუქციონზე 21.7 მილიონ ლარად გაიყიდა. შედეგად, ენერგო-პრო თბილისის გარეთ ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა.
სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ გაუუქმდა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2003 წლის N25/2 გადაწყვეტილება.
ელექტროენერგიის მიწოდების ლიცენზია კი “ენერგო პრო ჯორჯიას” მიეცა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა უკვე მიიღო.