სტატიები

ჩინური კაკბების ფერმა სოფელ ართანაში

კაკბების მცირე რაოდენობა რამდენიმე წლის წინ პატაშვილის ბიძაშვილმა ჩინეთიდან ჩამოიყვანა და გაამრავლა. ლერი ამბობს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობის მიზანი არ არის მოგება და კაკაბს მხოლოდ იმ შემთხვევაში ყიდიან, თუ კლიენტი ფრინველის მოშენებას აპირებს. ერთი ფრთა კაკბის ფასი 40 ლარია.
„კაკბების ფერმა მე და ჩემს ბიძაშვილს გვაქვს სოფელ ართანაში. ჩემი ბიძაშვილი წასული იყო ჩინეთში სასწავლებლად და კაკბები იქ იყიდა, შემდეგ ერთად გავამრავლეთ. ფრიველის ეს სახეობა, რომელიც ჩვენ მოვაშენეთ, ჩინეთში გამოიყვანეს, მაგრამ ის ევროპული კაკბის შთამომავალია. ჩვენი ჯერჯერობით სამოყვარულო ბიზნესი გვაქვს. ერთ ფრთა კაკაბს 40 ლარად ვყდით. სანამ გავყიდით, ვეკითხებით, რა მიზნით სურთ ყიდვა. ჩვენ კაკაბს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვყიდით, თუ უნდათ ფრინველის მოშენება. თუ სურთ რომ დაკლან, ჩვენ უარს ვამბობთ მის გაყიდვაზე. იმ ადამიანებს, რომლებიც 2 და 3 კაკაბს ყიდულობენ, ცხადია, რომ ფრინველი დასაკლავად არ მიჰყავთ. როდესაც ჩვენ ადამიანს კაკაბს მივყიდით, ვენდობით, რომ მას არ დაკლავენ“, – განუცხადა knews.ge–ს ლერი პატაშვილმა.
ფერმერის ინფორმაციით, კაკბებს შინაურ პირობებთან შეგუება უჭირთ, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს ბუნებრივ პირობებთან შესაბამისი გარემო შეუქმნას. მისივე მტკიცებით, კაკბის გაზრდა საკმაოდ რთულია. ფრინველის საინკუბაციო პერიოდი 25 დღემდე გრძელდება.
„კაკაბი იშვიათი ფრინველია. ინკუბატორში გამოსაჩეკად საჭიროა 23–24 დღე. კაკაბს წამალი და აცრა არ სჭირდება, რადგან გარეული ფრინველია. კაკაბი მონოგამია, ე.ი. დედალ-მამალი ბუდობის პერიოდში ერთად არიან და შთამომავლობასაც ერთად უვლიან. თებერვლის შუა რიცხვებიდან მარტის დასაწყისამდე წყვილდებიან. კაკაბი დებს 10-16 კვერცხს, რომელიც ამობურცული ფორმისაა, კარგად გამოხატული ბლაგვი და წაწვეტებული ბოლოებით. შეფერილობა ღია ჟანგისფერ-თიხისფერია, მოჟღალო-მოყავისფრო წერტილებით დაწინწკლული. კაკბები რთულად ეგუებიან შინაურ პირობებს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ისეთი გარემო შევუქმნათ, სადაც თავს ბუნებრივად იგრძნობენ“, – აღნიშნავს ფერმერი.
ლერი ამბობს, რომ კაკაბი საქართველოში იშვიათი ფრინველია და მას გადაშენების საფრთხე ემუქრება. ფერმერი მიიჩნევს, რომ მასზე ნადირობის შემთხვევაში სანქციები კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს.
„წლების წინ ყველაზე დიდი რაოდენობის კაკაბი აღრიცხული იყო შირაქის ქედზე, ელდარის მეურნეობის გარშემო მდებარე გორაკებზე და ლეკის წყალზე. აფრენილი კაკბის გუნდების რიცხობრივი რაოდენობა კახეთში გვიან შემოდგომასა და ზამთარში ზოგან ასეულ და მეტ ფრინველს აღწევდა. კაკაბზე ნადირობა 1958 წელს აიკრძალა, რადგან მისი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. მას შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა, თუმცა ამ ხანის მანძილზე არავითარი ცნობა არ გამოქვეყნებულა და ვერავინ იტყვის, თუ რა შედეგი გამოღო აღნიშნულმა აკრძალვამ. შესაბამისად საჭიროა, რომ კანონი კიდევ უფრო გამკაცრდეს იმ მონადირეების მიმართ, რომლებიც კაკაბს მოკლავენ“.
სამომავლოდ ლერი პატაშვილი კაკბებისთვის ხელოვნური გუბურების მოწყობას გეგმავს.