ლაგოდეხში პარკურსა და ფრირანში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება
შეჯიბრება 26-27 აგვისტოს, 16:00 საათზე, ლაგოდეხის ცენტრში გაიმართება.
ჩემპიონატში საქართველოს სხვა და სხვა მუნიციპალიტეტიდან 50-მდე პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენი მონაწილეობს.
ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, სპორტული ღონისძიება ეძღვნება ახალგაზრდა ტრეისერს, ცოტნე ცქიტიშვილს, რომელიც ორი თვის წინ თბილისის ზღვაში დაიხრჩო.
,,ჩემპიონატი ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება. ერთმანეთს შეეჯიბრებიან 12-დან 16 წლამდე მოზარდები და 16 წელს ზემოთ ასაკის ტრეისერები. მონაწილეებს გამოცდილი ჟიური შეაფასებს. შეჯიბრების ორგანიზატორი, პარკურისა და ფრირანის ფედერაცია, ასევე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრია. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია სხვადასხვა ფასიანი პრიზები”, – განაცხადეს ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრში.