სტატიები

ხანძრის გამომწვევი მიზეზები და პრევენცია

 ექსპერტები გარემოს დაცვის საკითხებში აცხადებენ, რომ გვალვის გამო ტენიანობა დაბალია, რომელიც ცეცხლის გაჩენის რისკებს ზრდის. 

,,ხანძრის კერების გაჩენას და მისი რაოდენობის ზრდას პირველ რიგში იწვევს ცხელი, მზიანი დღეები. თითქმის 2 თვეა, რაც მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება და შესაბამისად მაღალია როგორც ხანძრის კერების გაჩენა, ასევე მისი მასშტაბებიც. ასეთ პერიოდში ნაპერწკალსაც კი შეუძლია დიდი მასშტაბის ხანძრის გამოწვევა. საქართველოში ხანძრის რისკის მქონე ტერიტორიებია ფერდობი, წიწვოვანი, ფოთლოვანი ადგილები და სხვა“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ,,ბუნების მოყვარულთა საზოგადოების“ დირექტორი კახა სუხიტაშვილი.

ბოლო 10 დღის განმავლობაში ხანძრის შემთხვევები კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. დედოფლისწყარო-გამარჯვების მონაკვეთზე ნაწვერალს (უკვე აღებული ხორბლის ნარჩენებს) მოეკიდა ცეცხლი, სადაც დაახლოებით 20 ჰექტრამდე ფართობი განადგურდა. ხანძრის შედეგად ნახევარი ჰექტარი ბალახი დაიწვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ხანძარი იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეშიც, სადაც ბალახს გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. დაახლოებით საათნახევრის წინ კი ხანძარი გაჩნდა ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ დუისშიც. ცეცხლი ხმელ ბალახსა და ბუჩქნარს მოეკიდა. შემთხვევის შედეგად დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია განადგურდა. 

როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში უცხადებდნენ, ხანძრები დროულად ჩააქრეს.  ექსპერტები ამბობენ, რომ ხანძრები დამახასიათებელია გვალვიანი პერიოდისთვის და ცეცხლის კერები კი შესაძლოა ხელოვნურადაც გაჩნდეს. მათი თქმით, ხანძარი გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს. 

,,კახეთში განსაკუთრებით ცხელი კერები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გვაქვს, სადაც ცეცხლი ჩნდება ძირითადად სასოფლო–სამეურნეო სავარგულების არასწორად და არაკანონიერად გადაწვის დროს. ეს ყველაფერი უდიდესი საფრთხის შემცველია. მოსახლეობა არ ითვალისწინებს იმას, რომ იწვის ნიადაგი და გარდა ამისა, ნადგურდება ფლორა, ფაუნა და ქარსაცავი ზოლები. ამ ყველაფრის აღდგენას დრო სჭირდება. ასე რომ სულ მცირე დაუდევრობამაც კი შესაძლოა, გამოიწვიოს ხანძარი. ქაღალდების, ნარჩენებისა და სიგარეტის ნამწვის გარდა, მნიშვნელოვანია კოცონის საკითხიც“, – აღნიშნავს სუხიტაშვილი. 

დარგის სპეციალისტები წლებია საუბრობენ ტყის კოდექსის შესახებ, რომელიც დღემდე არ არსებობს. ექსპერტები ხანძრების მართვის სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზეც ამახვილებენ ყურადღებას. 

,,მესამე წელია, რაც მთავრობამ ტყის კოდექსი ვერ მიიღო. დღეს სახელმწიფო ხანძრებს სპონტანურად აქრობს. მათ ზომები წინასწარ უნდა მიიღონ და ამავე დროს ჩატარდეს საპრევენციო სამუშაოები. აუცილებელია, ადამიანებს გარკვეული ვადით შეეზღუდოთ გადაადგილების უფლება, გვქონდეს მეტი სახანძრო სამსახური, ვერტმფრენი და საჭირო ინფრასტრუქტურა. სატყეო სააგენტოს შესაბამისი აღჭურვილობა არ გააჩნია, რათა რისკები მაქსიმალურად შემცირდეს“, – განმარტავს სუხიტაშვილი.

მისივე განცხადებით, ნახანძრალი ტერიტორია უნდა შემოიღობოს და ნიადაგი გარკვეულწილად განახლდეს, რის შემდეგაც შესაძლებელია ამ ტერიტორიებზე ნერგების გაშენება. ტყის ხანძრების მონიტორინგის მსოფლიო სისტემის (Global Forest Fire Watch) ბაზაში 16-23 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 366 შეტყობინება შევიდა, საიდანაც 51 კახეთში დაფიქსირდა.