რკინიგზის კახეთის რეგიონის თანამშრომლები ფართომასშტაბიან შიმშილობას იწყებენ
რკინიგზის კახეთის რეგიონის თანამშრომლები ფართომასშტაბიან შიმშილობას იწყებენ. მათი თქმით, სამუშაო ადგილი და პირობები ადმინისტრაციამ შეთანხმების გარეშე შეუცვალათ. ერთ-ერთი დასაქმებული, გურჯაანის სალიანდაგო დეფექტოსკოპიის სამსახურის ოპერატორის თანაშემწე უჩა ღვთისიაშვილი ირწმუნება, რომ დოკუმენტში, რომელზეც თავდაპირველად ხელი მოაწერეს, სამუშაო ადგილის ცვლილებაზე არაფერი არ იყო ნათქვამი და ამის შესახებ წინასწარ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულები.
,,ჩვენი ხარჯით უნდა გვევლო, გვეჭამა, ბინის ქირა გადაგვეხადა. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგვაბრუნონ ძველ ადგილზე წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიწყებთ შიმშილობას. შეუძლებელია, შევასრულოთ ჩვენი საქმიანობა რეგიონიდან 100-150 კილომეტრის მოშორებით, რის საფუძველზეც მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენთან გაფორმებულ ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში ცალმხრივად შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს არსებითი პირობა, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება შრომის კოდექსს. გთხოვთ, მოგვცეთ შესაძლებლობა, განვაგრძოთ ჩვენი საქმიანობა იმავე რეგიონში, სადაც ამ დრომდე უვადოდ ვიყავით დასაქმებულები.“ – ნათქვამია რკინიგზელების განცხადებაში“, – განუცხადა knews.ge–ს უჩა ღვთისიაშვილმა.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, რკინიგზის თანამშრომლები მზად არიან შეუერთდნენ ამ დროისთვის მოშიმშილე 8 ადამიანს, თუკი მოშიმშილეების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
,,ჩვენი მოთხოვნებია დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში. სოლიდარობის ნიშნად ბათუმიდან რკინიგზის თანამშრომლები უკვე შემოგვიერთდნენ. ორშაბათიდან კი, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქცია გაიმართება”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგაძემ.
ამჟამად შიმშილობს 8 ადამიანი, მათ შორის არიან რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლები. მათი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში; რკინიგზა დატოვონ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ; შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები.
დღევანდელი აქციის ანონსში წერია, რომ რკინიგზის თანამშრომლები მზად არიან შეუერთდნენ ამ დროისთვის მოშიმშილე 8 ადამიანს, იმ შემთხვევაში თუ მოშიმშილეთა მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.