სტატიები

ყვარელში ფუტკრის შხამის წარმოებას გეგმავენ

როგორც knews.ge–ს კოოპერატივის ხელმძღვანელმა გიორგი ველიჯანაშვილმა განუცხადა, ფუტკრის შხამის წარმოების მიზნით უნდა შეიძინონ ახალი დანადგარები, თუმცა ამ ეტაპზე საკმარისი ფინანსური რესურსები არ აქვთ. მისივე ინფორმაციით, 1 გრამი ფუტკრის შხამის ღირებულება 40–დან 50 ლარამდე მერყეობს.

“წინა წლებში ვაწარმოებდით ფუტკრის შხამს, მაგრამ მოთხოვნა აღარ იყო და შევწყვიტეთ მისი წარმოება. ამჟამად კი ფუტკრის შხამზე მოთხოვნა თანდათან იზრდება და ვაპირებთ, რომ ისევ ვაწარმოოთ. არსებობს ფუტკრის შხამის მოპოვების რამდენიმე ხერხი, მაგრამ ყველა მათგანი იწვევს ფუტკრის სიკვდილს შხამის გამოღების შემდეგ. ყველაზე მარტივი შემდეგი ხერხია: მინის ქილას ავსებენ დესტერილიზებული წყლით, რომელიც იფარება ცხოველური აპკით, ფუტკარს პინცეტით აჯენენ აპკზე. ფუტკარი კბენს აპკს და შხამი წყალში ჩაედინება. პროცესის დასრულების შემდეგ წყალი ორთქლდება და შხამი რჩება. ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ შხამი სრულად ამოიღება ფუტკრის ნესტრიდან და არაფრით ბინძურდება. ბოლო ხანებში კი ფუტკრის შხამი მიიღება ელექტრო მეთოდით. ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია, რადგან ფუტკრის სიკვდილი მინიმუმადეა დაყვანილი. ამ მეთოდის მიხედვით, სკის გამოსასვლელის წინ დებენ მინას, რომელზეც მრავალი მავთულია (წვრილი მავთულებია) დაქსელილი. მათში კი შესაბამისად გადის დენი. როდესაც ფუტკარი მინაზე ჯდება, დენის ზემოქმედების ქვეშ ხვდება და პასუხად მინას კბენს, ამ დროს კი შხამს უშვებს, თუმცა ეს მეთოდიც არ არის იდეალური, ბევრი ფუტკარი უბრალოდ არ ჯდება მინაზე“, – განუცხადა Knews.ge–ს გიორგი ველიჯანაშვილმა.

კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ფუტკრის შხამი გამოირჩევა უნიკალური სამკურნალო თვისებებით. ლალი სუხიტაშვილის ინფორმაციით, მის შემადგენლობაში შედის დაახლოებით 50 კომპონენტი: მინერალური ნივთიერებები – ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, მჟავები – მარილმჟავა, ჭიანჭველამჟავა, ფოსფორმჟავა, ცილები ცხიმები და ამინომჟავები, ნახშირწყლები – გლუკოზა, ფრუქტოზა და ა.შ. ფუტკრის შხამს სიმსივნის წინააღმდეგ სამკურნალოდაც იყენებენ.

„ფუტკრის შხამი აქრობს შეშუპებებს და კუნთების სპაზმებს, ანელებს სისხლის შედედებას და ამცირებს ტრომბის წარმოქნის სასიშროებას; დადებითად მოქმედებს სისხლწარმომქმნელ ორგანოებზე, სისხლის პლაზმაზე და მის შემადგენლობაზე, ათხიერებს და აახალგაზრდავებს სისხლს, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, რაც წარმატებით გამოიყენება ტრომბოფლებიტისა და ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ. ამასთან, ვარიკოზული კვანძების განკურნება ხდება ოპერატიული ჩარევის გარეშე. ბოლო გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ ფუტკრის შხამი ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს. ეს პროდუქტი ეფექტურია პარკინსონის დაავადების სამკირნალოდაც. ფუტკრის შხამით მკურნალობას კარგი ეფექტები აქვს ბავშვთა ცერემბლარული დამბლის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესშიც“, – განუცხადა Knews.ge–ს ლალი სუხიტაშვილმა.