სტატიები

,,კონდოლური“– ბიოღვინო სოფელ კონდოლიდან

მეღვინე ამბობს, რომ ვენახის მოვლისას აგროქიმიკატებს არ იყენებს, რაც ღვინოს მაღალ ხარისხს და განსხვავებულ გემოვნურ თვისებებს განაპირობებს.
ახალგაზრდა მეღვინემ საყვარელი საქმიანობა ბიზნესად 2015 წელს აქცია. მან პირველად 800 ბოთლი ღვინო ჩამოასხა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აღნიშნული საქმიანობის გაფართოება.
,,პირველად 800 ბოთლი ჩამოვასხი 2015 წელს. ეს იყო 15 გრადუსიანი საფერავი. მარნის დაარსებაც გადავწყვიტე 2015 წელს. მიზეზი ვაზის და ღვინის სიყვარული, წინაპართა ადათ-წესების გაგრძელება და მათი განახლება იყო. გარდა ამისა, მაქვს 2 ჰექტარი ვენახი, აქედან 80% საფერავია,დანარჩენი კი – ჟღია, კაბერნე, მწვანე და რქაწითელია. ვაწარმოებ წითელ და თეთრ ნატურალურ გაუფილტრავ ქვევრის ღვინოებს ,,კონდოლურს“ და ,,სათემოს“, რომელზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ვაწარმოებთ, ასევე, ქვევრის ჭაჭას, რომელსაც ვაძველებთ ორი წლის განმავლობაში ქვევრში. ვაწარმოებ ძველი კახური ტრადიციით, თეთრ ღვინოებს ქვევრში ვაჩერებ 6 თვეს, ხოლო წითელს – 2 კვირის განმავლობაში. ყველა პორცედურა კეთდება ხელით, გარდა ამისა, არ მოვიხმართ არანაირ დანამატებს და ნაკლებად ვერევი ვენახის მოვლაში, მხოლოდ 4-5 –ჯერ ბორდოს ხსნარით ვწამლი. ჩემი მიზანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი,’’– განუცხადა knews.ge-ს გიორგი ღვარძელაშვილმა.
ღვარძელაშვილების მარანში დავარგებული ღვინო თბილისსა და კახეთში 25 ობიექტზე იყიდება. მეღვინე ირწმუნება, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე მატულობს, რის გამოც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც ვერ ახერხებენ. 
,,ჩვენი პროდუქცია ძირითადად იყიდება საქართველოში, ღვინის ბარებსა და რესტორნებში: ანდენგრაუნდში, G ღვინოში, აზარფეშაში და ა. შ. სულ 25 ობიექტზე შემაქვს. პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნის და ჩვენ მიერ წარმოებული მცირე რაოდენობის გამო ვერ ვაკმაყოფილებ ადგილობრივ ბაზარს, ამის გამო ვერ გამაქვს საზღვარგარეთ. წარმოების გაზრდა და მეტი პროდუქციის წარმ ლოება გვინდა, მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგვარეულო მარნის რემონტი და რის გამოც ვერც მეტ ღვინოს ვაწარმოებთ და სტუმრებსაც ვერ ვიღებთ.’’
მეღვინე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ბევრი მცირე მარნის გახსნა, ბიოღვინის წარმოება, ვაზის ძველი ქართული ჯიშების აღდგენა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, რომელიც დარგის განვითარებას განაპირობებს.
,,მეც დამწყები მეღვინე ვარ, ბევრს ვსწავლობ და ბევრი კიდევ მაქვს სასწავლი. აუცილებელია ყველა მევენახემ და მეღვინემ იცოდეს, როგორ მოუაროს ვაზს და დააყენოს ხარისხიანი ბიო ღვინო. რაც ყველაზე მთავარია მე დამწყებ მეღვინეებს ვურჩევ საქმიანობის დაწყებისას აქცენტი გააკეთონ ძველი ქართული ვაზის ჯიშების აღდგენასა და გაშენებაზე. სწორედ ამაშია მთელი ხიბლი და სტიმული.’’
მეღვინე სამომავლოდ წარმოების გაზრდას, პროდუქციის უცხოურ ბაზარზე გატანას, ვაზის ქართული მივიწყებული ჯიშების გაშენებას და აგროტურიზმის მიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყებას გეგმავს.