საგარეჯოში ნოდარ ლატიბაშვილი წითელი დოლის ხორბლის ფქვილს აწარმოებს
ნოდარმა 1 ჰექტარზე ხორბალი გასულ წელს დათესა. ფერმერი ამბობს, რომ ამ ჯიშის ხორბლის ფქვილი გამოირჩევა უნიკალური გემოვნური თვისებებით და ნატურალურია. ის ირწმუნება, რომ მარცვლეულის მოვლის დროს არ იყენებს აგროქიმიკატებს, რაც მის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
„წითელი დოლის ხორბალი შარშან დავთესე და ამ საქმიანობას ერთი წელია, რაც მივდევ. ქართული ჯიშის ხორბალი სულ რამდენიმე ადამიანს მოჰყავს საქართველოში. ეს ხორბალი განსაკუთრებული იმით არის, რომ ძველი ქართული ჯიშია. გარდა ამისა, გემოვნური თვისებებით უნიკლაურია და გამოირჩევა უცხოურისგან. გლუტეინის შემცველობა არის ძალიან დაბალი. ზოგიერთი პურს ვერ ჭამს, ალერგია აქვს და ამ ფქვილისგან გამომცხვარი პური კი უნიკალურია. ხორბალი მოყვანილია ყოველგვარი აგროქიმიკატებისა და პესტიციდების გარეშე. საშემოდგომო ხორბლის მარცვალი გაღივებას იწყებს +1-20 გრადუსზე, მაგრამ ენერგიული გაღივებისა და აღმოცენებისათვის საჭიროებს 12-15 გრადუსს, ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის კი 22-25 გრადუსს. ზამთრის პირობებს იგი შედარებით კარგად უძლებს, მაგრამ მისთვის – 16-18 გრადუსი დამღუპველია. ტენის მიმართ ხორბალი მომთხოვნია“, – განუცხადა knews.ge–ს ნოდარ ლატიბაშვილმა.
ფერმერის ინფორმაციით, ხორბლის ფქვილზე დიდი მოთხოვნაა. პროდუქციის ყიდვის მსურველები ტელეფონითა და სოციალური ქსელით უკავშირდევიან. ნოდარ ლატიბაშვილის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ნახევარ საათში 400 კილოგრამი ფქვილი მოულოდნელად გაყიდა.
„ხორბლის ამ ჯიშზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. ბევრი ადამიანი მიკავშირდება და ყიდულობს. რამდენიმე დღის წინ ერთ პიროვნებას უნდოდა 50 კილოგრამი წითელი დოლის ხორბლის ჯიშის ფქვილი. წისქვილში ასეთ რაოდენობას არ ფქვავენ და ამიტომ 400 კილოგრამი დავფქვი, ვიფიქრე ნახევარს მე დავიტოვებ და ნახევარს გავყიდი-მეთქი, ამიტომ ფეისბუქზე დავდე პოსტი. ზუსტად ნახევარ საათში გაიყიდა 400 კილოგრამი და ხორბლის შეკვეთაც მივიღე. არ ვგეგმავდი ჩემი ნედლეულის გაყიდვას და მინდოდა პატარა წარმოება დამეწყო, თუმცა იმის გამო, რომ მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში არ დამაფინანსეს 5 000 ლარით, გადავწყვიტე ერთი წელი დამეცადა და მომავალი წლისთვის თავად შემეძინა საწარმოო ინვენტარი. სასიხარულოა ის ამბავი, რომ ამხელა დაინტერესებაა ძველ ქართულ და ბიო პროდუქციაზე, თუმცა მართლა მენანება ჩემი შრომით მოყვანილი ხორბლის ს გაყიდვა“, – აღნიშნავს ლატიბაშვილი.
წელს ფერმერმა, ასევე, 2 ჰექტარზე გააშენა თხილის პლანტაცია და პირველ მოსავალს სამ წელიწადში ელოდება. ნოდარი ძველი ქართული ჯიშის ვაზებსაც აშენებს. მას ნახევარ ჰექტრაზე გაშენებული აქვს ვენახი და ბიოღვინოს აყენებს. იგი ვაზის მოვლის დროს მხოლოდ ბიოლოგიური დაცვის საშუალებებს იყენებს. ის სამომავლოდ მარნის აშენებასაც აპირებს, სადაც ქვევრის ღვინოს დააყენებს და აგროტურისტულ ობიექტსაც გახსნის.