სტატიები

კახელი მევენახეები ყურძნის სავარაუდო ღირებულებით უკმაყოფილოები არიან

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, წელს რქაწითელის სავარაუდო ფასი 70 თეთრიდან, ხოლო საფერავის 1 ლარიდან დაიწყება. 

,,რთველის სუბსიდირების ნაცვლად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ,” – განუცხადა knews.ge-ს გიორგი სამანიშვილმა.

მევენახეების ნაწილი ყურძნის ფასით უკმაყოფილოა. ისინი ამბობენ, რომ ყურძნის დაბალი ღირებულება გლეხს ვაზის გაშენების მოტივაციას უკარგავს.

,,ფასები, რომელიც დაასახელეს, დაბალია. მევენახეობა იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ გარკვეული სახის დახმარება, რომელიც ისედაც ძალიან მცირე იყო, გაუქმდეს. ვენახის მოსავლელად დიდ თანხებს ვხარჯავთ. სეზონურად ისედაც იაფია ყურძენი და სუბსიდირების გაცემის დროსაც წინა წლებში ვერ ვახერხებდით დახარჯული თანხის უკან ამოღებას. ახლა ეს მდგომარეობა უფრო დამძიმდება. ბანკები ბინებს და ვენახებს წაგვართმევენ და ცუდ დღეში აღმოვჩნდებით’’, – განუცხადა Knews.ge–ს გურჯაანში მცხოვრებმა ნოდარ ჯამასპიშვილმა.

მევენახე მიშა ეგიდუნაშვილისთვის მოსალოდნელი ფასები მისაღებია. ის ამავე დროს ეწინააღმდეგება ყურძნის სუბსიდირებას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს აფერხებს მევენახეობის დარგის განვითარებას. 

,,მართალია, მევენახეები ყურძენზე ფასის მომატებას წლებია უშედეგოთ ითხოვენ, მაგრამ ჩემთვის ეს ფასები ნორმალურია. ჯერ კიდევ 2 წლის ამბობდნენ, რომ ყურძნის ფასი დაიკლებდა და სუბსიდირებაც აღარ იქნებოდა. ზოგადად მიმაჩნია, რომ სუბსიდირება არასწორი ფორმაა. თუ ყურძნის ფასი სეზონზე არ მოიმატებს, მოსახლეობას ძალიან გაუჭირდება”, – ამბობს Knews.ge–სთან მიშა ეგიდუნაშვილი.

მევენახეები ამბობენ, რომ ღვინის კომპანიები, რომლის პროდუქციაც მსოფლიოს ბაზრებზე იყიდება, ყურძნის საჭირო მარაგს ფერმერებისა და გლეხებისაგან უნდა იბარებდეს. 

,,რადგან სუბსიდირება აღარ იქნება, მაშინ სხვა გზები უნდა გამოჩნდეს, რომ გლეხმა არ იზარალოს. თუ ატამივით დალპა ყურძენიც, გამოდის, რომ გლეხის ნაშრომი არავის ჭირდება. ღვინის კომპანიებს თავად მოჰყავთ ყურძენი, მაგრამ გარკვეული პროდუქციის დასამზადებლად საჭირო რაოდენობას ჩვენგან უნდა იბარებდნენ. ღვინის ქარხნები ყურძენს მიზერულ ფასად ჩაიბარებენ. სხვაგან სად გავყიდოთ, ბაზრებს ჩვენ არ გვიხსიან და ვართ უსუსურ მდგომარეობაში”, – აღნიშნავს Knews.ge–სთან ვანო ოთარაშვილმა.

ყურძნის სუბსიდირებას თავიდანვე აკრიტიკებდა ექსპერტთა ნაწილი. დარგის სპეციალისტების ნაწილი ფიქრობდა, რომ ღვინის დაყენებით და შემდეგ მისი რეალიზაციით მეღვინე უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს მიიღებს. მათივე შეფასებით, რაც ყურძენი სუბსიდირებას დაექვემდებარა, მევენახე სახელმწი¬ფოზე დამოკიდებული გახდა.

,,სუბსიდირებას არ მოჰყოლია არანაირი დადებითი შედეგი. მევენახეობაში სუბსიდირების და სახელმწიფოს მიერ ღვინის წარმოების მოდელის დანერგვამ განაპირობა მევენახის დამოკიდებულება სახელმწიფოზე და სახელმწიფო ღვინის კომპანიაზე, რითაც მან მევენახეში ჩაკლა ღვინის წარმოების სურვილი, ხოლო კერძო ღვინის კომპანიას კი კონკურენტად გაუხდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახა დარგზე და დღევანდელი კრიზისი სწორედ ამ სისტემის შედეგია. ყურძნის ფასი მისი ხარისხის მიხედვით უნდა დადგინდეს. ფასის დადგენა კი მყიდველსა და გამყიდველის შეთანხმებაზეა დამოკიდებული”, – განმარტავენ სპეციალისტები. 

კახეთში ამ ეტაპზე, 22.227 ჰექტარი ვენახია გაშენებული. 2013-2014 წლებში 5 000 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. საქსტატის ინფორმაციით, ყურძნის ყველაზე მაღალი მოსავალი 2007 და 2014 წელს დაფიქსირდა.
გასულ წელს რქაწითელის ჯიშის ყურძნის ფასი სუბსიდიის ჩათვლით 80 თეთრი იყო, ხოლო საფერავის ღირებულება 1 ლარით განისაზღვრა.