წინანდლის კასრში დავარგებულმა ვისკიმ მსოფლიო აღიარება მოიპოვა
პრესტიჟულ სადეგუსტაციო კონკურსში – World whiskey Masters (London, 2017), სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილ ათეულობით კონკურენტს შორის ქართულმა ვისკიმ – JIMSHERI ვერცხლის მედალი მიიღო.
“მოხარული ვარ, რომ ლონდონის ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში, სადაც ჟიურის წევრები “ბრმა მეთოდით” იღებენ გადაწყვეტილებას, პირველმა ქართულმა ვისკიმ სერიოზული განაცხადი გააკეთა ვისკის სამყაროში. ვისკი სულ ოთხი თვეა როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ლონდონის მსოფლიო ვისკის კონკურსში მიღებული წარმატებით JIMSHERI საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს და ვფიქრობ, ის მალე გახდება ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს განაცხადი კი ჩემგან, როგორც ვისკის ავტორისგან მოითხოვს ასევე თამამი გეგმების განხორციელებას. ვისკი არის ინდივიდუალობით გამორჩეული” – განაცხადა knews.ge-სთან „ჯიმშერის” დამფუძნებელმა ბიზნესმენმა ჯიმშერ ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, ქართული ვისკის პირველი ექსპორტი ჩინეთში განხორციელდა, შემდეგ კი პოლონეთში, ყაზახეთში, უკრაინასა და ბალტიისპირა ქვეყნებში გაიყიდა.
,,ჩვენი ამბიციაა, რომ სადაც ვისკის ბაზარია, „ჯიმშერი“ ყველგან უნდა წარსდგეს ამ სახით. ალკოჰოლური სასმელი შოტლანდიური ტრადიციული ვისკის დამზადებისა და ქართული, სრულიად ახალი, უნიკალური დაძველების ტექნოლოგიების ნაზავია. ვისკი დავარგების მეორე ეტაპს გადის კასრებში, რომლებშიც წლების განმავლობაში ღვინო „საფერავი“ ინახებოდა”, – აღნიშნავს ბიზნესმენი.
კომპანია აწარმოებს სამი სახეობის ქართულ ვისკის: ტრადიციული საფერავის კასრში ნამყოფს; წინანდლისა და ქართული ბრენდის კასრში დავარგებულს.
,,გვჯერა, რომ სწორი მუშაობის შედეგად, რამდენიმე წელში Jimsher ცნობილი სავაჭრო მარკა გახდება და მაღალი ხარისხით მიღწეული რეპუტაციით ღირსეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ბაზარზე”, – აცხადებს ბიზნესმენი.
World whiskey Masters-ში მონაწილეობდა ვისკის ცნობილ სადეგუსტაციო კონკურსში მონაწილეობდნენ ევროპის ქვეყნები, საქართველო, კანადა, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ინდოეთი და სხვა.