ნაფარეულში სამკერვალო საწარმო გაიხსნა
მეწარმე გიორგი გვიმრაძემ პირველად საქმიანობა 5 თვის წინ ინტერნეტით ნაყიდი 1 საკერავი მანქანით დაიწყო, დღეს კი სამკერვალო მუნიციპალიტეტის სოფლებს სრულ მომსახურებას უწევს. მისი ინფორმაციით, საწარმოს ამჟამად 2 საკერავი მანქანა და რამდენიმე დანადგარი აქვთ, რაც კლიენტების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია.
,,რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში ვნახე, რომ უკრაინაში ბალიშის შესაკერი სპეციალური აპარატი იყიდებოდა. ვიპოვე ნაცნობი, მისი დახმარებით ვიყიდე, ჩამოვიტანე და დავიწყე ეს საქმიანობა. პირველად ბალიშებს ვკერავდით, მერე გაჩნდა მოთხოვნა ლეიბებზე, საბნებზე და ძველებურ მუთაქებზე. გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა სამკევალო და სხვა პროდუქტიც მიგვეწოდებინა მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე ,,აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში და 5 800 ლარის ოდენობის დაფინანსება მოვიპოვე, რითაც საჭირო დანადგარები: საკერავი მანქანები, დახლები და მაგიდები ვიყიდეთ’’, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი გვიმრაძემ.
ნაფარეულში შეკერილი ლეიბები და ბალიშები ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. გიორგი გვიმრაძე აცხადებს, რომ სამკერვალოში დამზადებულ საბნებზე, ლეიბებზე, მუთაქებზე და ბალიშებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
,,სხვადასხვა სოფლიდან მოდიან, გვაძლევენ შეკვეთებს და ჩვენც ვუმზადებთ. მუშაობისას მოვიხმართ მატყლს და სხვადასხვა სახის ძვირფას ქსოვილებს. გარდა ამისა, ვანახლებთ ბალიშებს, მისი ფასი 4 ლარიდან იწყება, საბნის შეკერვა კი 15 ლარიდან. სამკერვალო მუშაობს კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად.’’
სამკერვალოში 2 ადგილობრივია დასაქმებული, რომლებიც თითქმის ყველა სამუშაოს ხელით ასრულებენ. მკერავი, დარეჯან გუგულაშვილი აღნიშნავს, რომ სამკერვალოში მუშაობისას მხოლოდ უკრაინულ, ჩინურ და თურქულ ქსოვილებს ხმარობენ, რადგან მათზე მოთხოვნა დიდია.
,,სამკერვალოში 2 მკერავი ვართ, ვკერავთ სხვადასხვა ზომის ბალიშებს და ლეიბებს. მიგვიღია უცნაური შეკვეთებიც, ხშირად დიდი ლეიბების შეკერვას გვთხოვენ, რისი შესრულებაც ხელით ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა ეს სასიამოვნო პროცესია. შეიძლება დღეში 2–3 ლეიბი შევკეროთ, ყველაფერი დამოკიდებულია მოთხოვნებზე. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია მეტი შეკვეთებიც მივიღოთ’’– განაცხადა დარეჯან გუგულაშვილმა.
მეწარმე სამომავლოდ წარმოების გაზრდას და მანქანა–დანადგარების შეძენას გეგმავს. გიორგი გვიმრაძეს სურს, რომ მათი პროდუქცია მაღაზიებშიც გაიყიდოს, თუმცა ამ ეტაპზე წარმოების გასაზრდელად ფინანსური პრობლემები აქვს.