საგარეჯოში შამპანურის ბოთლში ლუდის დადუღებას დაიწყებენ
კომპანიის დირექტორის, დავით თოდუას ინფორმაციით, ლუდის წარმოებისთვის ნედლეული გერმანიიდან შემოაქვთ.
„შამპანურის ბოთლში ლუდის დადუღება უკვე დავიწყეთ. ეს არის მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგია. ამ ეტაპზე ლუდს მცირე რაოდენობით ვასხამთ. ლუდისათვის საჭირო ნედლეულს გერმანიაში ვყიდულობთ. საქართველოში ამ ტექნოლოგიით დადუღებული ლუდის ანალოგი არ არის. ეს არის ახალი სტანდარტი, რომ ცოცხალი ლუდი ბოთლში სიცივეში დადუღდეს. საბოლოო პროდუქტი კი უმაღლესი ხარისხისაა“, – განუცხადა knews.ge–ს დავით თოდუამ.
მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ლუდი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. ნახევარი ლიტრი ლუდის ფასი 3 ლარი იქნება. პროექტის განხორციელებისთვის 500 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
„ჩვენ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ამ სახის პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. პირველ ეტაპზე ლუდს თბილისის მაღაზიებში გავყიდით. შემდეგ წარმოებას გავზრდით და მთელ საქართველოს მოვიცავთ. სამომავლოდ კი შესაძლოა პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავიტანოთ. ISOS–ს საერთაშორისო სერტიფიკატი ჯერ არ მოგვიპოვებია, მაგრამ საწარმო ევოპული დანადგარებით უკვე აღვჭურვეთ“, – აღნიშნავს თოდუა.
საწარმოში უკვე დაიწყეს ქლიავის, თუთის, ვაშლისა და ატმის არაყი დამზადება. დავით თოდუა ირწმუნება, რომ პროდუქცია გამორჩეული იქნება უნიკალური გემოვნური თვისებებით, რომლითაც სხვა კომპანიების ნაწარს გაუწევს კონკურენციას.
„ბევრი კომპანია აწარმოებს არაყს, მაგრამ ჩვენი პროდუქცია იქნება განსაკუთრებული და გამორჩეული. ჩვენ რამდენიმე სახეობის ხილიგან დავამზადებთ არაყს. ჩვენ გვექნება ფეიხოას, შინდის, თუთის, მსხალის, ატმის და ნესვის არაყი. ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩავიბარებთ. გარდა ამისა, ხილისა და ყურძნის გადამუშავების საწარმო სხვა მიმართულებითაც იმუშავებს. მომსახურებას, სხვადასხვა სახის კონსულტაციას გავუწევთ მეღვინეებს და სურვილის შემთხვევაში ღვინოსაც გამოვუხდით“, – განუცხადა knews.ge–ს დავით თოდუამ.
საწარმოა არაყს საწყის ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. თოდუა ამბობს, რომ სამომავლოდ პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც გაყიდიან. ერთი ლიტრი არყის ფასი 25 ლარი იქნება.
კომპანია წარმოებისათვის საჭირო ხილის მოყვანას თავად გეგმავს და სამომავლოდ ხეხილის ბაღების გაშენებას დაიწყებს.