სტატიები

ბოდბელი გურამ მანგოშვილის 2 ხბოთი დაწყებული ბიზნესი

ახალგაზრდამ მეცხოველეობის ბიზნესი 19 წლის ასაკში, ნათესავისგან ნასესხები 300 ლარით დაიწყო და ახლა უკვე ძროხების დიდ ფერმას ფლობს. 
გურამ მანგოშვილმა ნასესხები ფულით თავიდან 2 ხბო შეიძინა. ამჟამად კი ფერმაში 70 ძორხაა. იგი იხსენებს, რომ იდეის განსახორციელებლად რთული და გრძელი გზა გაიარა. 
,,თავდაუზოგავად ვმუშაობდი პატარაობიდან. სხვადასხვა საქმეს ვაკეთებდი, თბილისიდან მეხორცეებისთვის პარკები ჩამომქონდა და ვყიდდი. კვირაში 20 ლარი ხან მრჩებოდა ხან არა. ასევე ჩემი ძმა ყოველდღე კილომეტრებს გადიოდა ფეხით, რომ მისულიყო მეხორცეებამდე და პირუტყვის დაკვლა, გამზადება და ხორცის დაჭრა ესწავლა. ვმუშაობდით, არაფერს ვთაკილობდით და საღამოს სახლში რომ მოვდიოდით, გვიხაროდა ჩვენი ფულით რომ ვყიდულობდით საჭირო ნივთებს. ასევე ნახირშიც დავდიოდი და როცა სხვების პირუტყვს სამწყემსად მივყვებოდი, საკუთარზე ფიქრს არ ვეშვებოდი და მიზნის მისაღწევად გეგმებს ვაწყობდი. ცხრა წლის წინ ერთ კაცთან ვმუშაობდი, ძველ სახლებს ანგრევდა და აგური გაჰქონდა. ნამუშევარი ფული აღარ მომცა და ამ თანხაში დამიტოვა ადგილი, რომელზეც დღეს ჩემი ფერმაა. მისთვის აქაურობა არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის კი ეს იყო მიწა, რომელზეც პირველი აგური დავდე მომავალი ოცნების ასაშენებლად. ვისესხე 300 ლარი და ბოდბის ბაზრობაზე 150 ლარად ვიყიდე ორი ძროხა, რომელსაც ვუვლიდი გავზარდე და ნელ-ნელა, ეტაპობრივად დავიწყე მოშენება. შემდეგ ბანკიდან 45 000 ლარის აგროსესხი გამოვიტანე და ფერმაც ავაშენე’’, – განუცხადა knews.ge-ს გურამ მანგოშვილმა.
ახალგაზრდა ფერმერი ამ დროისთვის ფლობს კეთილმოწყობილ ფერმას, სადაც დასაქმებულია 10 მდე ადგილობრივი, რომლებიც პირუტყვის მოვლაში ეხმარებიან. იგი ამბობს, რომ წლების შემდეგ მეურნეობა საკუთარი დანაზოგითა და ბანკის სესხით გააფართოვა. მეწარმე ხორცსა და რძეს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. 
,,ამ ეტაპზე ხორცისა და რძის პროდუქტებს დგილობრივ ბაზარზე ვყიდი. ფერმერულ საქმიანობაში მთელი ოჯახი ჩართულია, აქ ყველას თავისი საქმე აქვს განაწილებული. სესხი დოლარში მაქვს აღებული, კურსის მერყეობამ მაზარალა, მაგრამ იმედი მაქვს, ვალიდან მალე ამოვალ და თანდათან წინ წავალ. თავიდან რომ დავიწყე საქმიანობა, ხათრით მოდიოდნენ და ყიდულობდნენ ჩვენგან ხორცს, რადგან პატარები ვიყავით მე და ჩემი ძმა. შემდეგ როცა დაინახეს, რომ ყველაფერს კარგად და სუფთად ვაკეთებდით, მეტი ადამიანი გვაკითხავდა და დღეს ჩვენ პროდუქტს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ყიდულობს“, – აღნიშნავს მანგოშვილი. 
ფერმერი აპირებს, რომ საქონელი მაქსიმალურად გაამრავლოს და ახალი მეწველი ჯიშები შემოიყვნოს. მომავალში მანგოშვილი ნატურალური პროდუქციით მსხვილი სუპერმარკეტების მომარაგებასაც გეგმავს. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფერმერი ღორების და ძროხების მოშენებაში მეგობრებსაც ეხმარება.
,,ფინანსური გაჭირვების წლები იყო ძალიან რთული და არ მინდა ვინმეს ასეთი პერიოდი ჰქონდეს. ერთ ძმაკაცთან ერთად ვიყიდეთ ღორები და ფერმის აშენება გადავწყვიტეთ, მეორე მეგობარს კი პატარა ხბოები ვუყიდე, რომ ჩემნაირად დაიწყოს საქმიანობა და წინ წავიდეს. მინდა სოფელი იყოს ძლიერი და არავის უჭირდეს. მინდა მეტ ადამიანს დავეხმარო და დავასაქმო. ფერმერთა ასოციაციის დახმარებით ვიყავი უელსში, სადაც ფერმერულ მეურნეობებს გავეცანი და ამით უფრო მეტი სტიმული მომეცა, გავაძლიერო და გავაფართოვო ჩემი საქმიანობა.’’
ახალგაზრდა ფერმერს სამომავლოდ დაგეგმილი აქვს წარმოების გაზრდა, ახალი ფერმების აშენება, ხორცის და რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა და საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ის ღორების მოშენებასაც აპირებს.