სტატიები

რკინიგზის კახეთის რეგიონის თანამშრომლები შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

უჩა ხვთისიაშვილი, ვახტანგ ცისკარიშვილი და აკაკი ჭარელიშვილი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. თანამშრომლების ინფორმაციით, რკინიგზის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად აცნობა, რომ მათი სამუშაო ადგილი კახეთის ნაცვლად თბილისი იქნებოდა და მოემსახურებოდნენ მარნეული -გარდაბანის სარკინიგზო ხაზს. ისინი ამ დრომდე საქართველოს რკინიგზის აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს კახეთის რეგიონში მუშაობდნენ და ლიანდაგების უსაფრთხოებას ამოწმებდნენ.

ერთ-ერთი დასაქმებული, გურჯაანის სალიანდაგო დეფექტოსკოპიის სამსახურის ოპერატორის თანაშემწე უჩა ღვთისიაშვილი ირწმუნება, რომ დოკუმენტში, რომელზეც თავდაპირველად ხელი მოაწერეს, სამუშაო ადგილის ცვლილებაზე არაფერი არ იყო ნათქვამი და ამის შესახებ წინასწარ ისინი არ იყვნენ ინფორმირებულები. მისივე მტკიცებით, ცვლილების მიუხედავად რკინიგზის ადმინისტრაცია ხელფასს არ უმატებდა და ამავე დროს საცხოვრებელი სახლის ქირის, კვებისა და მგზავრობის საფასურის გადახდა თავად მათ მოუწევდათ. 
”საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციამ დაგვიბარა და მოტყუებით ხელი მოგვაწერინა დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც მიღებულია გადაწყვეტილება კახეთის რეგიონალური სამსახურისთვის სახელის შეცლის შესახებ, რომ ის უნდა გაფართოვდეს და ეწოდოს “სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონი”. შემდეგ ერთ კვირაში ისევ დაგვიბარეს თბილისში და გვითხრეს, რომ ჩვენ სამუშაო უნდა დაგვეწყო თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ კახეთიდან თბილისში გადავდიოდით, ხელფასიც არ მოუმატებიათ. გარდა ამისა, ჩვენი ხარჯით უნდა გვევლო, გვეჭამა, ბინის ქირა გადაგვეხადა. ჩვენი სახსრებით ვერ შევძლებდით თბილისში ცხოვრებას და იძულებულები გავხდით, სამსახურიდან წამოვსულიყავით. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაგვაბრუნონ ძველ ადგილზე წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიწყებთ შიმშილობას“, – განუცხადა knews.ge–ს უჩა ღვთისიაშვილმა. 
რკინიგზელთა პროფკავშირებში რკინიგზის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს შრომითი კოდექსის პრინციპების დარღვევაზე საუბრობენ. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირების პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე განმარტავს, რომ სამუსაო ადგილის ცვლილება არის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების არსებითი პირობის შეცვლა. 
”სამწუხაროდ, „საქართველოს რკინიგზაში“ შრომითი უფლებების კუთხით ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს. სახეზე გვაქვს პროფესიონალი რკინიგზელების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო კონკრეტულად ინდივიდუალური შრომითი ხელშრეკრულებების არსებითი პირობის შეცვლა. ეს ადამიანები – უჩა ხვთისიაშვილი და ვახტანგ ცისკარიშვილი დასაქმებულები არიან კახეთის, გურჯაანის სალიანდაგო სამსახურის დეფექტოსკოპიის სამსახურში. მათ ეუბნებიან, რომ კახეთიდან უნდა გადმოვიდნენ თბილისში, ხოლო თბილისიდან უნდა იმუშაონ მარნეულის მიმართულებით. ეს არის პრაქტიკულად ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევა, ესაა კაბალური პირობა, რაც ამ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას იწვევს. იძულებულები არიან რომ სამსახურიდან წავიდნენ. სამწუხაროდ, რკინიგზა უარს აცხადებს სოციალურ დიალოგზე. არ გამოდის კონტაქტზე და არ აწარმოებს მოლაპარაკებას დასაქმებულ ადმიანებთან. ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ამ ადმაიანებმა იბრძოლონ თავიანთი უფლებებისთვის არის სასამართლო, რომელსაც აუცილებლად მივმართავთ”, – აღნიშნავს ვიტალი გიორგაძე.
”საქართველოს რკინიგზაში” სამი თანამშრომლისა და რკინიგზელთა პროფკავშირის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალში განხორციელდა რეორგანიზაცია. მათივე მტკიცებით, მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით თანამშრომლებთან რამდენჯერმე გამართეს საინფორმაციო შეხვედრა, თუმცა არცერთ მათგანს რეორგანიზაციის შესახებ პროტესტი არ გამოუხატავას. 
„სალიანდაგო დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათივე თანხმობით, შეეცვალათ სამუშაო ადგილი და პირობები. რეორგანიზაცია განხორციელდა, რადგან კომპანიას სჭირდებოდა თანამშრომელთა ოპტიმალური გადანაწილება საჭიროების და დატვირთვის შესაბისად. საქართველოს რკნიგზამ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები თანამშრომლებთან. აღსანიშნავია, რომ სამუშაო შეხვედრების დროს არცერთ თანამშრომელს ცვლილებების საწინააღმდეგო პოზიცია არ გამოუხატავს. უკლებლივ ყველა თანამშრომელმა განაცხადა წერილობითი თანხმობა შრომითი პირობების არსებით. გადაყვანილი თანამშრომლები უზრუნველყოფილები არიან საცხოვრებელი პირობებით და ტრასნპორტირებით. გარდა ორი პიროვნებისა, რომლებსაც ახალი პროფკავშირის წევრები იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, სხვა გადაყვანილი თანამშრომლები ახორციელებენ საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზელთა აზალი პროფკავშირის განცხადებაში ნახსენები თანამშრომლები გარკვეული პერიოდია არიდებენ თავს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, საქართველოს რკინიგზას ისინი დღემდე არ გაუთავისუფლებია სამსახურიდან და 8 აგვისტოს მათ კიდევ ერთხელ ოფიციალურად გაეგზავნათ შეხსენება, სამსახურში გამოცხადების თაობაზე. ამასთანავე, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, რომ რკინიგელთა ახალი პროპკავშირები პერმანენტულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს რკინიგზას.
სამწუხაროდ, ამ გარემოების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ აღნიშნულ ორგანიოზაციას რეალურ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად ამოძრავებს პოლიტიკური მიზნები და წინასაარჩევნო გააქტიურება, რაც უკავშირდება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ინტერესების განხორციელებას და არა რკინიგზელთა უფლებების დაცვას”, – ნათქვამია საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზის კახეთის რეგიონის თანამშრომლები კი სამსახურში დაბრუნებას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი თავიანთი უფლებების დასაცავად სასამართლოში დავას მას შემდეგ გეგმავენ, რაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ოფიციალურად მიიღებენ.