სტატიები

„მაღალმთიანი დასახლების სტატუსმა ნუკრიანში თითქმის არაფერი არ შეცვალა“

სათემო კავშირის „ნუკრიანი“ დირექტორი მაია ბიძინაშვილი მიუთითებს, რომ საგადასახადო, სოციალური, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით კანონით გათვალისწინებული შეღავათები ვერ გაუჩენს ახალგაზრდას სოფელში დარჩენის მოტივაციას. ბიძინაშვილის მოსაზრებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მიზნობრივი პროექტების განხორციელება კანონით უნდა განისაზღვროს. 
„თუ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის, რომ პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ასეთ სოფლებში საწარმოები გაიხსნას, მაღალმთიანი დასახლების სტატუსს შედეგი არასოდეს არ ექნება. პენსიის მომატება და მასწავლებლებისათვის და ექიმებისთვის ხელფასის დანამატი სოფელში ახალგაზრდებს ვერ გააჩერებს. ახალგაზრდებისათვის პროექტები უნდა განხორციელდეს, გახისნას საწარმოები, სადაც უშუალოდ ახალგაზრდები დასაქმდებიან. ისიც შესაძლებელია, რომ გახისნას სამკერვალო, სადაც ახალგაზრდა გოგონები კერვას ისწავლიან, შემდეგ დასაქმდებიან და, მაგალითად, სამხედრო პირებისათვის შეკერავდნენ ჯარისკაცის ფორმას“, – განუცხადა Knews.ge–ს მაია ბიძინაშვილმა. 
ბიძინაშვილი კანონში არსებულ ხარვეზებზეც საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ საშემოსავლო გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს არა მარტო მაღალმთიანი დასახლების საწარმო, არამედ ნებისმიერი ბიზნეს ობიექტი.
„კანონის ხარვეზი არის, რომ მხოლოდ საწარმოები თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებიდან და ეს არ ეხება საოჯახო სასტუმროებს. ამ შემთხვევაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მიღების შემდეგ ცვლილებებზე ვეღარ ვისაუბრებთ. კანონის ხარვეზია, ასევე, ის, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ყველა პირს არ ეხსნება საშემოსავლო გადასახადი. ეს შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები“, – აღნიშნავს მაია ბიძინაშვილი. 
ის ფირქობს, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებაში პროექტები სოფლების საჭიროებიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს. 
„მაღალმთიანი სოფლის სტატუსი მიიღო ძალიან ბევრმა სოფელმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონით პროექტების განხორციელება ამ სოფლების პრობლემებიდან გამომდინარე განისაზღვროს. იმ სოფელში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის ზევით, სხვა საჭიროებაა. ნუკრიანი კი ზღვის დონიდან 1056 მეტრზე მდებარეობს და აქ სხვა ღონისძიებების გატარებაა საჭირო. მაღალმთიანი დასახლების სტატუსმა ნუკრიანში თითქმის არაფერი არ შეცვალა“, – ამბობს ბიძინაშვილი. 
სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანინის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ირაკლი შიოლაშვილისათვის გაუგებარია მაია ბიძინაშვილის მოსაზრება მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე ნუკრიანში ახალგაზრდებისათვის მიზნობრივი პროექტების განხორციელების შესახებ. 
„ჩვენმა მთავრობამ მაღალმთაინ რეგიონებს მიანიჭა პრიორიტეტი და შექმნა კანონი, რომელიც სხვა სივრცეში ამყოფებს იქ მცხოვრებ ადამიანებს. განსხვავებულია ხელფასი, პენსია, ამ სოფლების განვითარების ბიუჯეტი. არ მესმის მოსაზრება, რომ კანონით განისაზღვროს მაღალმთაინ დასახლებაში ახალგზრდებისათვის პროექტების განხორციელება. მაღალმთიანი დასახლებებში ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოიყოფა. ეს გულისხმობს ახალგაზრდებისათვის ცალკე ინფრასტრუქტურის, მათ შორის სპორტული და კულტურული ობიექტების, მოწყობას, ნებისმიერი სახით ახალგაზრდული ინიციატივების დაფინანსებას“, – განუცხადა knews.ge–ს ირაკლი შიოლაშვილმა. 
2016 წლის 1 იანვრიდან, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლებში საგადასახადო შეღავათების სრული პაკეტი ამოქმედდა, სოციალური შეღავათები კი – ნაწილობრივ. აღნიშნული დასახლებული პუნქტების მოსახლეობა სოციალური შეღავათების სრული პაკეტით 2016 წლის პირველი სექტემბრიდან ისარგებლებს. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი და მეორე ბავშვისთვის, რომელთა ერთ–ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ბაშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის, 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად არანაკლებ 200 ლარი. 
კანონის თანახმად, საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები დანამატის სახით იღებენ სახელმწიფო პენსიის 20%–ს, რომელიც, ყოველთვიურად 216 ლარს შეადგენს. ექიმების ხელფასი, რომელიც კანონი ამოქმედებამდე 650 ლარს შეადგენდა, 360 ლარით გაიზარდა და 1010 ლარს შეადგენს. ხელფასები გაეზარდათ პედაგოგებს და ისინი ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოზე 50%–იან დანამატს იღებენ.