ვიდეორეპორტაჟი

თელაველი ახალგაზრდები სკეიტპარკის გახსნას ითხოვენ

თელაველი თორნიკე ხალხელაური სპორტის ამ სახეობის მოყვარულია. თორნიკე ამბობს, რომ ქალაქში სპეციალური ადგილები არ არის გამოყოფილი და სავარჯიშოდ გასვლა ქუჩაში, სამანქანო გზაზე უწევს. 
,,ის ადამიანები რომლებიც ამ სპორტით არიან დაკავებულები, ქუჩაში უწევთ ვარჯიში და გადაადგილება, რაც სახიფათოა. კარგი იქნება, თუ ისინი გადაინაცვლებენ პარკში, სადაც დაცული იქნება უსაფრთხოების წესები. მე და ჩემი მეგობარი 1 წლის წინ ინიციატივით შევედით თელავის მერიაში. დაგვთანხმდნენ და გვითხრეს, რომ კარგი ინიციატივა იყო და დაგვპირდნენ დაგვხმარებოდნენ, თუმცა აქამდე არაფერი გაკეთებულა,’’– განუცხადა knews.ge-ს თორნიკე ხალხელაურმა.
თელაველები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ინიციატივის განახორციელება შესაძლებელია და ამ მიმარულებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალგაზრდებთან ერთად აქტიურად უნდა იმუშავოს. 
,,ქალაქში ასეთი სპორტის სახეობის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია. კარგი იქნებოდა სკეიტ პარკის გახსნა, არის ამის შესაძლებლობა და შესაძლებელია თელავი გახდეს გამორჩეული ქალაქი სპორტის ამ სახეობის კუთხით. მნიშვნელოვანია ის რომ ახალგაზრდებს აქვთ ინიციატივები, მათ შეუძლიათ თვითმმართველობასთან ერთად განახორციელონ ეს და მომავალში კარგი საქმეები გააკეთონ’’, – ამბობს ქალაქ თელავში მცხოვრები გიორგი ჩეკურიშვილი. 
,,მე მყავს ბევრი მეგობარი რომელიც ამ სახეობით არის გატაცებული და ძალიან კარგი იქნებოდა ამ ჯგუფს ჰქონდეს გამოყოფილი ადგილი ვარჯიშისთვის, უნარების რეალიზაციისათვის გარკვეული გარემო. სკეიტბორდით ბევრი ახალგაზრდაა გატაცებული და შეიძლება თელავში წელიწადში ერთხელ შეიკრიბონ ეს ადამიანები და ჩატარდეს შეჯიბრი. ეს იქნება სახელიც და შემოსავალიც გაჩნდება,’’– განუცხადა Knews.ges-ს საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ბემონის’’ თელავის ოფისის ხელმძღვანელმა დავით ღონღაძემ. 
თელავის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებმა აღნიშნული ინიციატივა პროექტის სახით უნდა დაწერონ, შეადგინონ ხარჯთაღრიცხვა, მიუთითონ მოსაზრებები, პარკის სავარაუდო ადგილმდებარეობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია, რომელსაც შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობას მიაწვდიან.
,,მერია ახალგაზრდებს ხვდება სისტემატიურად, როგორც საგანმანათლებლო ასევე სხვა კუთხით. ჩვენ ვცდილობთ მოვუსმინოთ ახალგაზრდებს, მივეხმაროთ და ერთობლივად განვახორციელოთ საინტერესო და კრეატიულ იდეები. რაც შეეხება სკეიტპარკის გახსნას, ახალგაზრდებს შეუძლიათ დაწერონ პროექტი და შემოვიდნენ განცხადებით ჩვენთან. მას უნდა ერთვოდეს თან ხარჯთაღრიცხვა, ჩამოწერილი მოლოდინები და სავარაუდო შედეგები, რამდენი ახალგაზრდა ისარგებლებს, რამდენად იქნება დაცული უსაფრთხოება, სად ფიქრობენ გაკეთებას და ა.შ. შემდეგ განვიხილავთ რამდენად ბევრი ვიზიტორი ეყოლება პარკს და თუ ეს იქნება მნიშვნელოვანი, შესაძლებელია დაიწყოს მუშაობა ფინანსების მოძიებისთის და მოეწყოს პარკი’’, –აღნიშნა ფიქრია ყუშიტაშვილმა. 
თელაველები თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობენ, რაც, მათი მოსაზრებით, ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას.