ნაფარეულში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 26 მარტს, საღამოს საათებში, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში არსებულ სტადიონთან, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ვ.ს.-ს შელაპარაკება მოუხდა იმავე სოფელში მცხოვრებ ძმებ გ. და დ.ძ.-სთან, რომელიც ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაციის განმუხტვა იქ მყოფმა პირებმა მოახერხეს. საგამოძიებო ორგანოს ცნობით, რამდენიმე საათის შემდეგ ვ.ს. მეგობრებთან ერთად ძმების, გ. და დ.ძ.-ს საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
„განაწყენებულმა გ.ძ.-მ, შურისძიების მოტივით ვ.ს.-ს მოკვლა განიზრახა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იგი 27 მარტს, ღამის საათებში სანადირო თოფით შეიარაღებული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, ვ.ს.-ს სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა და სტადიონზე გასვლა მოსთხოვა, შემდეგ კი ადგილზე მისულს ორჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ. ს. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა 6,12 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, – განაცხადეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
გ.ძ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა.