ახალი ამბები

ღორებისა და სადგომების რეგისტრაცია 2018 წლიდან დაიწყება

დოკუმენტის მიხედვით, ფერმერმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რომელიც პირუტყვის გადაადგილებას, დაკარგვას, დაკვლასა და სხვა საკითხებს შეეხება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი განმარტავს, რომ ღორების სადგომების რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია ღორების აღწერას და მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განთავსებას გულისხმობს. 
ავალიანი ირწმუნება, რომ ფერმერებს გადასახადის გადახდა არ მოუწევთ და ღორების სადგომების რეგისტრაცია და სანომრე ნიშნების გაკეთება უფასო იქნება. 
,,გვექნება მონაცემები ქვეყანაში არსებული ღორების სადგომების შესახებ, გვეცოდინება, რა რაოდენობის ღორია ქვეყანაში და სად უნდა მივიდეს სააგენტოს თანამშრომელი მისი დაავადების შემთხვევაში. რა შეეხება იდენტიფიკაციას, ითვალისწინებს საყურე ნიშნების შემოღებას. ეს არ ეხება ყველა ღორს, ეხება იმას, რომელიც დაექვემდებარება რეალიზაციას და გადაადგილებას. ეს ყველაფერი ეტაპობრივად განხორციელდება, რათა ფერმერს ერთბაშად არ მოუწიოს ყველა ღონისძიების განხორციელება“, – განუცხადა knews.ge-ს ლაშა ავალიანმა.
ავალიანისვე განცხადებით, პროცედურებს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახური. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს მსხვილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაცია მოხდა.