სტატიები

კახეთში წარმოებული ფურისულა, პიტნა და ტარხუნა გერმანიაში იყიდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მდებარე საწარმოში სხვადასხვა სახის მცენარის გადამუშავება მიმდინარეობს. „კახეთი ბიო“ ფლობს 15 ჰექტრამდე სასოფლო–სამეურნეო მიწას, სადაც სხვადასხვა სახის მცენარე და ხილი მოჰყავთ. 
კომპანია 2014 წელს შეიქმნა. „კახეთი ბიო“ თანამშრომლობს გერმანულ კომპანია „როუზ ოფისთან”, რომელიც მათ ბაზრის მოძიებასა და პროდუქტის რეალიზებაში ეხმარება. კომპანიის დირექტორის, ლიზი ხმიადაშვილის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ექსპორტზე გაგზავნეს ფურისულას ჯიშის მცენარე, რომლისგანაც გერმანული მედიკამენტები დამზადდება.
,,კომპანია დაფუძნდა ქართველი და გერმანელი ბიზნესმენების მიერ. ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა და გადამუშავება, ასევე ველურად მზარდი მცენარეების და ხილის შეგროვება გადამუშავება. შარშან და შარშან წინ ფურისულა გავაგზავნეთ ექსპორტზე. გერმანიიდან ჩამოვიტანეთ სხვადასხვა ჯიშის პიტნა და ტარხუნა, რომელიც გავამრავლეთ და ამჟამად უკვე ვაწარმოებთ. ახლა დავიწყეთ ფარსმანდუკის და კრაზანას ჯიშის მცენარეების ჩაბარებაც, რომელიც დამუშავდება, გახმება და გერმანიაში გაიგზავნება. საწარმო, სადაც პროდუქტი მზადდება, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში მდებარეობს, დანადგარები კი მზის ენერგიაზე მუშაობს. საწარმოში 40–მდე ადგილობრივია დასაქმებული. გვყავს გერმანელი პარტნიორები, რომლებსაც აქვთ გასაღების ბაზარი და ჩვენ ვმუშაობთ მათი მოთხოვნის შესაბამისად’’, – განუცხადა Knews.ge-ს კომპანიის დირექტორმა ლიზი ხმიადაშვილმა.
კომპანიას, ასევე, წნორში 10 ჰექტარზე გაშენებული აქვს ეთერზეთოვან „გალიკას“ ჯიშის ვარდის პლანტაცია. ლიზი ხმიადაშვილი ამბობს, რომ მათ ვარდის კალმებისგან ჩითილები გამოიყვანეს და ნერგები ღია გრუნტში გადაიტანეს. კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, მომავალ წელს სავარაუდოდ აიღებენ ვარდის მოსავალს, რომლის გაყიდვას, ასევე, გერმანიაში აპირებენ. 
„მოგვყავს ეთერზეთოვანი ვარდი, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაშენეთ და მომავალ წელს მივიღებთ მოსავალს. 1 ჰექტარზე ველოდებით 5 ტონამდე ვარდის მოსავალს, რომელსაც დავამუშავებთ და ექსპორტზე გავუშვებთ. სამომავლოდ ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი მუშაობის მიმართულება გახდება ვარდის მოყვანა და ვარდის პროდუქტების წარმოება.’’
შემოდგომაზე კომპანია ადგილობრივებისგან ხილის ჩაბარებას გეგმავს. ,,კახეთი ბიოს“ დირექტორის მტკიცებით, გერმანიაში სხვადასხვა სახის ველური ხილის ჩირზე მოთხოვნა დიდია.
,,ვაპირებთ ჩავიბაროთ ველური ხილი. უკვე გვაქვს წინასწარი შეკვეთები. გერმანიაში არის მოთხოვნა ხილის ჩირზე და ჩვენც გვაქვს მიწოდების შესაძლებლობა. ხილის მიღებას შემოდგომაზე ვგეგმავთ. გარდა ამისა, გვინდა მოვიყვანოთ სამკურნალო მცენარეები და სუნელ–სანელებლები, რომლის ექსპორტიც ევროკავშირის ბაზარზე მოხდება’’,– ამბობს ლიზი ხმიადაშვილი.
„კახეთი ბიოს“ სამომავლო გეგმებში წარმოების გაფართოება შედის.