სიმინდის მოყვანის ინოვაციური ტექნოლოგია „კარტლისისგან“
დრონი აღჭურვილია სამართავი პულტით, პროგრამით და 10 ლიტრიანი ავზით, რომელსაც მითითებულ რადიუსში შეუძლია ფრენა და ნათესის პრეპარატებით დამუშავება. აღნიშნული სიახლე კომპანიის წარმომადგენლებმა ფერმერებს, ჟურნალისტებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს გააცნეს.
,,ფერმერებისთვის ძალიან რთულია სიმინდის შეწამვლა თუ მცენარე უკვე ორმეტრზე ზევით არის გაზრდილი, უკვე ზრდასრულია და ამ დროს მავნებლების წინააღმდეგ მოწამვლას აზრი არ აქვს. ეს მოსავალს 7%–მდე ამცირებს. მცენარის მავნებლების რიცხვის გაზრდის დროს კი შესაძლოა ზარალი 50%–მდე გაიზარდოს. რაც შეხება დრონს, მისი გამოყენება სოფლის მეურნეობაში ახალია არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც.მისი გამოყენება საქართველოში შეგვიძლია სიმინდის კულტურებში, ხეხილის ბაღებში, თხილში და სხვა კულტურებში. მისი ღირებულება 11 000 ევრომდეა. ის აღჭურვილია სპეციალური ავზით და მისი გამოყენება არის ძალიან მარტივი’’,– განუცხადა knews.ge–ს კომპანიის სარწყავი სისტემების სპეციალისტმა გურამ ოსიაშვილმა.
„კარტლისი“ სიმინდის მოყვანის ახალ, ინტენსიურ ტექნოლოგიას 2 წლის მანძილზე ამუშავებდა. კომპანიის ”ფროდაქშენის“ დირექტორის, იოსებ მეფარიშვილის ინფორმაციით, ახალი ტექნოლოგიის გამოყენების შემდეგ სიმინდის მოსავლიანობა 6-ჯერ არის გაზრდილი და 1 ჰექტარზე 15-16 ტონა მარცვლეულის აღებაა შესაძლებელი.
,,სარწყავი სისტემა და ზოგადად ახალი სისტემა გულისხმობს შემდეგ პუნქტებს: ნიადაგს უტარდება ანალიზი, რომლის შედეგადაც ვადგენთ მთლიანად ნიადაგის სტრუქტურას, მექანიკურ შემადგენლობას, მჟავიანობას, ნაყოფიერება და სხვა საკითხებს. ამის მიხედვით შესაბამისი ჰიბრიდი შეირჩევა და ნიადგი სწორად მუშავდება. გარდა ამისა, ვარჩევთ სასუქის ტიპს, მის რაოდენობას და თანმიმდევრულობას, ასევე, ვადგენთ რწყვის რეჟიმს’’,– განაცხადა იოსებ მეფარიშვილმა.
კომპანია ,,პიონერის“ რეგიონალური დირექტორის, სერდარ ტულუკტორამანის განცხადებით, საქართველოში მუშაობის დაწყებისას დაინახეს, რომ მოსავალი მცირე მოდიოდა, ამიტომ პარტნიორ კომპანია ,,კარტლისთან“ თანამშრომლობით სიმინდის მოსავლიანობის გასაზრდელად დაიწყეს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა და ჰიბრიდული სათესლე მასალების შემოტანა.
,,კომპანია ,,პიონერი“ საქარტველოში უკვე 10 წელია მუშაობს. როცა პირველად საქართველოში შემოვედით და შევატყვეთ მოსავლიანობა იყო ძალიან დაბალი, ჩვენი ამოცანა იყო, აგვეწია სიმინდის საშუალო მოსავლიანობა ქვეყანაში. ამის შემდეგ ჩვენ შემოვიტანეთ უახლესი, თანამედროვე ჰიბრიდები, რომელსაც ვიყენებთ მთელს მსოფლიოში. პარტნიორ კომპანია ,,კარტლისთან“ ერთად მივაღწიეთ იმას, რომ გამოვცადეთ ბევრი ჰიბრიდი, დავნერგეთ და საშუალო მოსავლიანობა ბევრ რეგიონში ავწიეთ 2 ტონიდან 8–10 ტონამდე. დღესაც ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან საქართველოში და ვაწვდით ქვეყანას ჩვენს ხელთ არსებულ უახლეს ჰიბრიდულ სათესლე მასალას’’– აღნიშნა სერდარ ტულუკტორამანმა.
ექსპერტები და აგრომიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი ტექნოლოგიის დანერგვას სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს სიახლე ხარჯებს შეამცირებს და მოსავალს გაზრდის.
,,ის შრომა, რაც იხარჯება მარცვლეული კულტურების მოვლა –მოყვანაში, ძალიან დიდია, მოსავალი კი არის მცირე, დახარჯული შრომის ანაზღაურებაც ვერ ხდება. ახალი ტექნოლოგიების დანერგვით კი შეგვიძლია 2 ტონა მოსავლის ნაცვლად მივიღოთ 15 ტონა მოსავალი, თან იგივე და უფრო ნაკლები შრომით. ამ ყველაფრით ერთ კაცს თავისუფლად შეუძლია თავისუფლად მოუაროს 5 ჰექტარზე დათესილ მარცვლეულს დამხმარების გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში მსგავსი სიახლეების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა’’, – განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნიკოლოზ მესხიშვილმა.
კომპანია „კარტლისმა“ წლების განმავლობაში განავითარა ფერმერთა მომსახურების ცენტრების ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.
„კარტლისი“ უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზეა და წარმოადგენს მუდმივად მზარდ კომპანიას. კომპანიას ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიები და პროდუქტები შემოაქვს.