ახალი ამბები

ღვინის ქართული ინოვაციური აპარატი უცხოურ ბაზარზე გავა

Good wine-ის დირექტორის, ოთარ ყურაშვილის თქმით, დაგეგმილია აპარატის ექსპორტზე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელარუსსა და ტაშკენტში გასვლა.

”ამ ეტაპზე თითქმის უკვე დასრულებულია მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან. მოსკოვში ”სავინოს” ღვინის ჩამოსასხმელი ინოვაციური აპარატი სავაჭრო ქსელებსა და რესტორნებში გამოჩნდება. საწყის ეტაპზე 50 ერთეული ტექნიკა გაიგზავნება, სამომავლოდ კი გასაგზავნი აპარატების რაოდენობა გაიზრდება. აღნიშნულ ტექნიკას არ ვყიდით, უბრალოდ იჯარით გადავცემთ დაინტერესებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს. მათ შორის, როგორც უცხოურ, ისე ქართულ კომპანიებს და სწორედ ისინი განახორციელებენ საკუთარი ღვინის რეალიზაციას ჩვენი აპარატებით. თავის დროზე, აპარატი ადგილობრივ ბაზარზე დაიტესტა და პროექტმა გაამართა. ახლა კი ძალიან დიდი დაინტერესება არსებობს მეზობელი ქვეყნების მხრიდან. ამიტომ, ძირითადად, საექსპორტო მიმართულებით ვიმუშავებთ. თუმცა, თუ იქნება დაკვეთა ადგილობრივი კომპანიების მხრიდანაც, ქართულ ბაზარზეც დარჩება ”სავინოს” ინოვაციური აპარატი”, – განმარტა კომპანია Good wine-ის დირექტორმა.

კომპანია Good wine-მა ღვინის ჩამოსასხმელი ინოვაციური აპარატი 2016 წლის გაზაფხულზე შექმნა. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აპარატი უნიკალურია და მსოფლიოს მასშტაბით ანალოგი არ აქვს.