ბუნებრივი აირი შესაძლოა 1 აგვისტოდან გაძვირდეს
როგორც knews.ge–ს სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში განუცხადეს, დღევანდელ საჯარო სხდომაზე სემეკი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.
18 ივლისს კი კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.
„კომისიის მიერ ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. 17-18 ივლისის საჯარო სხდომების დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე“, – განაცხადეს სემეკში.
2016 წლის 1 აპრილიდან ,,ვისოლ პეტროლეუმ ჯორჯიამ’’ თელავში ბუნებრივი აირის საფასური 11 თეთრით გააძვირა. ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 7 000-მდე აბონენტი ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე 59 თეთრს იხდის.
კომპანია „ვისოლის“ გაზის დისტრიბუციის თელავის სერვისცენტრის დირექტორი დავით ჯირმიზაშვილი Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებდა, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფის გაზრდა შეეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებმაც გაზი საცხოვრებელ სახლებში 2008 წლის აგვისტოში შეიყვანეს. მისი განმარტებით, გაზის გაზრდილი საფასური დოლარის კურსის ცვლლებას უკავშირდება და კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იძულებით მიიღო.