ვიდეორეპორტაჟი

1. გოჭების მარათონი – მესამე გადაცემა

ჩვენ წინა გადაცემებში გესაუბრეთ 2 გოჭის ამბავზე, რომელსაც მარათონში ჩაბმული ოჯახები სხვადასხვა მეთოდით ზრდიან. ვისაუბრეთ გოჭებისათვის საკვების შერჩევის მეთოდებზეც. ამ გადაცემაში მოგიყვებით გოჭების გაზრდის რისკების შესახებ. ექიმი–ვეტერინარი მოგცემთ რჩევებს, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ გოჭები არ დაავადნენ.

მცირე საოჯახო მეურნეობებში გოჭების უვნებლად გაზრდა დღემდე გამოწვევად რჩება. იმისათვის რომ გოჭები ზრდასრულ ასაკამდე ჯანმრთელები გაიზარდნენ, ფერმერი ნათელა მამუჩარაშვილი კონსულტაციებს ვეტერინართან მუდმივად გადის.

,,ვითვალისწინებ ვეტერინარის რჩევებს, დაავადების გავრცელების რისკები ნაკლებია, რადგან კარგად ვუვლით, ვიცავთ ყველა ნორმას. ნაკლებ კონტაქში მყავს, იზოლირებულად, მატებაც აქვთ ამ 2 კვირაში რამდენიმე კილო აქვთ მომატებული. ჯანმრთელი და აქტიური გოჭები არიან. ამ მეთოდით არ გაგვიზრდია გოჭები, ტყუილად მეშინოდა”, – ამბობს მამუჩარაშვილი.

ფერმერი ზვიად ჩოლოყაშვილი მიიჩნევს, რომ გოჭების გაზრდის გამოცდიელების ქონა და კარგი მოვლა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ შემთხვევაში ნებისმიერი სახის დაავადებით ცხოველების დაინფიცირების ალბათობა ძალიან მცირეა.

,,გოჭების ორგანიზმი და კუჭ–ნაწლავი ამ დროისთვის უკვე შეეგუა საკვებს და ვფიქრობ, მათ აღარ ემუქრებათ რაიმე დაავადების გავრცლების საშიშროება. ზოგადად ინფექციების გავრცელების საშიშროება არსებობს, თუმცა როდესაც კარგად უვლიან, ამ შემთხვევაში დაცულები ვართ. მე მიმაჩნია, რომ ტრადიციული მეთოდით გოჭების არის ჯანსაღი“, – აღნიშნავს ზვიად ჩოლოყაშვილი.

ექიმი–ვეტერინარის, სოსო გურგენიძის ინფორმაციით, სანამ გოჭები ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ, ყველაზე ხშირად კუჭ–ნაწლავის დაავადებაა გავრცელებული. ვეტერინარის რჩევით, იმ შემთხვევაში თუ ფერმერი გოჭებს დაავადების რაიმე სიმპტომს შეამჩნევს, ექიმს უნდა მიმართოს. სოსო გურგენიძე მიუთითებს, რომ გოჭების გაზრდა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და როგორც დიდ შრომას, ასევე ყურადღებას მოითხოვს.

,,ქალბატონი ნათელა პირველად ზრდის გოჭებს თანამედროვე მეთოდის მეშვეობით და მას ხშირად ვუწევ კონსულტაციას. ჩვენი გოჭები არიან ორი თვის და 2 კვირის და გვაქვს კარგი შედეგები, როგორც ჯანმრთელობის, ასევე წონაში მომატების მხრივ. გოჭებს პატარა ასაკში ექმნებათ კუჭ–ნაწლავის პრობლემა, ჩვენ ეს რისკები უკვე გადავლახეთ. ფერმერებს, რომლებსაც გოჭების გაზრდა სურთ, ვურჩევ, გოჭებს არ მოაკლონ მოვლა, შენახვა, კვების რეჟიმი, სადგომს რეგულარულად უნდა ჩაუტარონ დეზიფენქცია და ჰყავდეთ იზოლირებულად. 3 თვის ასაკის შემდეგ გოჭებს ჭირდება ვაქცინაცია ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ“, – აცხადებს სოსო გურგენიძე.

,,გოჭების მარათონის“ მეოთხე გადაცემას საკვების მწარმოებლებსა და ვეტერინარულ კომპანიებს დავუთმობთ. გადაცემაში ვისაუბრებთ როგორც ტრადიციული, ასევე კომბინირებული საკვების შესახებ, რომელიც გოჭებისთვის არის განსაზღვრული.

 

გადაცემაზე მუშაობდნენ: 

იდეის ავტორი: ალექსანდრე ღოღობერიძე
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)


პროექტ MOLI-ის მხარდაჭერითა და მედია კომპანია „კახეთის ხმის“ ავტორობით დაიწყო ახალი პროექტი ,,გოჭების მარათონი“, რომელიც 6 თვეს მოიცავს. პროექტის ფარგლებში დააკვირდებიან გოჭებს, რომლებიც იზრდებიან ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით. პროექტის სპონსორია კომპანია „ინვეტი“, ხოლო მხარდამჭერი MOLI კახეთში.