სტატიები

თელავში 22 სახეობის ყველს შვეიცარული და ჰოლადიური ტექნოლოგიით ამზადებენ

როგორც knews.ge–ს საწარმოს ტექნოლოგმა გიორგი ღაღოშვილმა განუცხადა, გიორგი ღაღოშვილმა განუცხადა, სულგუნის 10 სახეობასა და პრესილ ყველს შვეიცარული და ჰოლანდიური ტექნოლოგიით აწარმოებენ. რძეს მცირე ფერმერებისგან იბარებენ. 
„გვაქვს შებოლილი, ჭყიტი, ნადუღში სულგუნი, პრესილი ყველები. რძეს ვიღებთ ისეთი ფერმებისგან, რომელიც სურსათის უვნებლობის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ არის. რძეს ვიბარებთ ძირითადად თელავიდან, რუისპირიდან, ფშაველიდან, ალვანიდან, ლალისყურიდან, კურდღელაურიდან, ახმეტისა და გურჯაანის რაიონების სოფლებიდან. ყველს ვამზადებთ ძველი ტრადიციით. უცხოური ტექნოლოგიით ვამზადებთ პრესილ ყველს სხვადასხვა ფაქტორისა და დაძველების მიხედვით. გვაქვს ჰოლანფიური, შვეიცარიული ყველი, თუმცა ძირითადად ქართულ ყველზე ვაკეთებთ აქცენტს. პროდუქცია საწყობდება და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გადის სარეალიზაციოდ”, – განუცხადა knews.ge–ს გიორგი ღაღოშვილმა.
რძის გადამამუშავებელმა საწარმომ არასამთავრობო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ ფინანსური დახმარებით საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა (HACCP) დანერგა. შედეგად საწარმოს სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მოპოვებული აქვს უვადო აღიარება. 
„საწარმო აღჭურვილია პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ყველა დანადგარით. საწარმოს გააჩნია პროდუქციის ხანმოკლე შენახვის შესაბამისი სათავსო, შესაფუთი მოწყობილობა და მანქანა–მაცივრები. საწარმოში დანერგილია HACCP-ის სისტემა”, – აღნიშნა ღაღოშვილმა. 
„შუამთის“ პროდუქცია „სმარტის“, „გუდვილის“, „ფუდმარტისა“ და „ფრესკოს“ ქსელებში იყიდება. პროდუქციის ნაწილის დისტრიბუცია რეგიონებში ხორციელდება. თელავში დამზადებული ყველის 22 სახეობა ექსპორტზე ამერიკაში გადის. 
„ჩვენი საწარმო დაარსდა 2008 წელს. რძე, რომლისგანაც მზადდება ყველი, არის ხარისხიანი და შესაბამისად გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ყველს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სუპერმარკეტში ვყიდით. 22 სახეობის ყველი მცირე რაოდენობით, მაგრამ ექსპორტზე ამერიკაში გადის”, – განუცხადა Knews.ge–ს საწარმოს დამფუძნებელმა ლევან ბეჟანიშვილმა.