თელავის ცხოვრება 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებიდან დღემდე
როგორ ცხოვრობს თელავი არჩევნებიდან არჩევნებამდე, რა წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულა ქალაქის მერმა და როგორია მოსახლეობის შეხედულებები აღნიშნულ საკითხზე, ,,კახეთის ხმა“ შეეცედა შეაჯამებინა პლატონ კალმახელიძის მუშაობა 3 წლის მანძილზე.
თელავის მოსახლეობის ნაწილი ერთ–ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობას, რაც პლატონ კალმახელიძის ერთ–ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. თელავის მკვიდრი ნინო ხაჭაპურიძე ტრანსპორტის გარდა, მიუთითებს წყალმომარაგების პრობლემაზეც, რაც ქალაქისათვის წლების განმავლობაში აქტუალური საკითხია.
,,ვერ ვიტყვი, რომ ქალაქში ბოლო წლების განმავლობაში არაფერი შეცვლილა, გარკვეული პრობლემები მოგვარდა. ქალაქის მერმა დაპირებების ნაწილი შეასრულა, მაგრამ დანარჩენი ნაწილი ამ დრომდე მოსაგვარებელია. გარემონტდა თეატრის ფასადი, მიმდინაროებს ბატონის ციხის რეაბილიტაცია, კეთდება შიდა საუბნო გზები. ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წყალმომარაგების საკითხი, საკანალიზაციო სისტემის გამართულად მუშაობა და სხვა ყოფითი პრობლემები. მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა იყო წინასაარჩევნო დაპირებებში, თუმცა ქალაქის ერთი კუთხიდან მეორეში გადაასადგილებლად და უახლოეს სოფელში წასასვლელად ერთი ტრანსპორტით ისარგებლებთ, ეს არის კერძო ტაქსი, რომელიც საკმაოდ ძვირია“, – აღნიშნავს ხაჭაპურიძე.
თელაველი ვენერა ხახუტაშვილი მერის კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი დაპირების შეუსრულებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე დასასვენებელ სკვერში გაჩერება მაწანწალა ძაღლების მომრავლების გამო ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.
,,წლებია ვსაუბრობთ, რომ თელავში მაწანწალა ძაღლების პრობლემა გამწვავებულია, შველა რამდენჯერ ვითხოვეთ. მომრავლებული ცხოველები მოსახლეობას უქმნიან პრობლემებს, ახლა ზაფხულია და უარესი იქნება, დაავადების გადამტანია ქუჩაში მცხოვრები ცხოველი. სკვერების გარდა, ბაზართანაც იგივე სიტუაციაა, იქექებიან ბუნკერებში და ზოგი მათგანი იკბინება. მათი ქუჩებში თავისუფლად სიარული მცირეწლოვანი ბავშვებისთვისაც შეიძლება, სერიოზუული საფრთხის შემცველი გახდეს. იმედი მაქვს, ადგილობრივი მთავრობა მიხედავს და მოაგვარებს ამ პრობლემას“, – აღნიშნავს knews.ge-სთან ვენერა ხახუტაშვილი.
მაწანწალა ძაღლების პრობლემაზე საუბრობს ლეიბორისტული პარტიიდან ქალაქ თელავის საკრებულოს წევრიც. ნიკოლოზ ვარდოშვილი ირწმუნება, რომ პლატონ კალმახელიძის ერთ–ერთ მთავარ დაპირებას წარმოადგენდა უპატრონო ცხოველთა თავშესაფრის გახსნას, რომელიც ამ დრომდე არ შესრულებულა. იგი, ჯერ კიდევ 2015 წელს ითხოვდა ქალაქ თელავში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის გახსნას. მან ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგიც გამართა.
,,ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, განსაკუთრებით ზაფხულში, მაწანწალა ძღლების საკითხი მწვავედ დგას. ასევე, მწვავე პრობლემაა პარკირების საკითხი ქალაქში, რომელიც დღემდე არ მოგვარებულა. არ მოგვარებულა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხი, რომელიც აუცილებელია ქალაქისთვის, ესეც იყო ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირება“, – ამბობს ნიკოლოზ ვარდოშვილი .
ქალაქ თელავის მერი მოსახლეობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეუსრულებელი დაპირებების შესახებ პასუხობს. პლატონ კალმახელიძე მიუთითებს, რომ მისი არჩევის შემდეგ ქალაქში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.
,,ქალაქის წყალმომარაგების სისტემური რეაბილიტაციის პირველი ფაზა დასრულებულია. ვიწყებთ მეორეს ფაზას, რისთვისაც 9 მილიონნახევარი დაიხარჯება. მესამე ფაზის დასრულების შემდეგ ქალაქს 2 წელიწადში 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. შევძელით კერძო ინვესტიის მოზიდვა და თელავს აქვს რამდენიმე დახურული საცურაო აუზი. თელავი გახდა უფრო სუფთა ქალაქი. რაც შეეხება საკანალაზიცაიო სისტემის სრულყოფას, შენდება კოლექტორი და სამომავლოდ აშენდება გამწმენდი ნაგებობა. ვაფართოებთ რეკრეაციულ ზონებს. თელავში გაიხსნება ე.წ. მწვანე სკოლა 325 ბავშვზე განათლების სამინიტროს დაფინანსებით. ჩემთვის საამაყო პროექტი იყო საბავშვო ბაღებში ცენტრალური გათბობის დამონატჟება ჯამში 1500 ბავშვისთვის. სამზარეულოები პასუხობს სურსათის უვნებლობის სტანდარტებს, ხდება სანიტარული კვანძების მოწესრიგება. იგება გზები. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორს, მერიას საკმარისი სახსრები არ ჰქონდა, მაგრამ ვმუშაობთ ამ თემაზე თელავის თემთან ერთად“, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას პლატონ კალმახელიძე.
ქალაქის პირველი პირი მაწანწალა ძაღლების საკითხზეც საუბრობს და აღნიშნავს,რომ ამ ეტაპზე მუნიციპალიური თავშესაფარი საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობის გამო ვერ გაიხსნება. პლატონ კალმახელიძის ინფორმაციით, გურჯაანში იგეგმება ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მოწყობა.
,,ქალაქისთვის ერთ–ერთი უმთავრესი საკითხი და ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო უპატრონო ძღლების თავშესაფარის გახსნა. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში არ ხერხდება ცალკე თავშესაფარის გაკეთება, შესბამისად, ვმუშაობთ რეგიონული ვოლიერის შექმნაზე. შეუსრულებელი დაპირებების დეფინიციას ვერ მივცემ ვერცერთ ჩემს დაპირებას. არსებობს დაპირებები, რომელიც დაიწყო და დასრულდა, არსებობს დაპირებები, რომელიც დაიწყო და მიმდინდარეობს და საკითხები, რომელიც ახლა იწყება“, – აღნიშნავს ქალაქის მერი.
კალმახელიძის მტკიცების მიუხედავად, ფაქტია, რომ 2014 წელს გაჟღერებული დაპირებებიდან არის საკითხები, რომელიც გადაუჭრელი რჩება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე კი ოთხი თვე რჩება.
არჩევნები, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება, კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე აქტს აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.