,,ბიზნესსექტორსა და მეწარმეებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა”
შესაბამისი კვლევა პროექტის MOLI კახეთში მხარდაჭერით რეგიონის განვითარების ცენტრმა ჩაატარა. რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლოლაძე ამბობს, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერებსა და მწარმოებლებს შორის კომუნიკაცია არ არსებობს, რაც მისი შეფასებით, ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.
„მეწარმეები არ მიდიან სასტუმროებთან და რესტორნებთან და არ სთავაზობენ თავიანთ პროდუქციას. კვლევან აჩვენა, რომ ძირითადი ბაზარი, სადაც პროდუქცია გადის, არის თბილისის დიდი სუპერმარკეტები, აგრარული ბაზრები. აღმოჩნდა, რომ სასტუმროები და რესტორნები ამ სუპერმარკეტებში ყიდულობენ იმავე პროდუქციას, რასაც მათ გვერდით მოქმედი საწარმოები აწარმოებენ. თუ კომუნიკაცია და თანამშრომლობა იქნება სასტუმროს, რესტორებს, რძისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებს შორის, რესტორნებსა და სასტუმროებს შეუმცირდეთ ხარჯები“, – განუცხადა knews.ge–ს ნინო ლოლაძემ.
„ჩვენ ვაწარმოებთ რძის პროდუქტებს. გვაქვს 12 სახეობის. ჩვენ გასაღების ძირითადი ბაზარი არის თბილისი. კახეთში აქამდე რესტორნებისა და სასტუმროებისთვის ჩვენი პროდუქცია არ შეგვითავაზებია. მოთხოვნაც არ ყოფილა. ეხლა გავიცანი რამდენიმე რესტორნისა და სასტუმროს წარმომადგენელი. მათ გამოთქვეს თანამაშრომლობის სურვილი, მაგრამ აუცილებელია იყოს დიდ რაოდენობაზე მოთხოვნა“, – განუცხადა knews.ge–ს რძის პროდუქტების საწარმო “შირაქის” დირექტორმა გივი ქავთარაძემ.
რეგიონის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ლიზი სოფრომაძე კი საუბრობს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობაში ხელისუფლების ნაკლებ ჩართულობაზე. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით ხელისუფლების პასიურობა ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს.
„ხშირად ბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთთან ურთიერთობას ერიდებიან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მიზანია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარება, გუბერნატორის ადმინისტრაციის მიზანია რეგიონის განვითარება. შესაბამისად მას ეს ბერკეტი და შესაძლებლობა აქვს. ხელისუფლებას ხშირად ეშლება და თავის როლს ვერ ხედავს. მისი როლი ზუსტად ეს არის –კომუნიკაცია ბიზნესოპერატორებთან, რა პრობლემები აქვთ, რა უჭირთ. თუ ინფორმაციას გაცვლის და შეუქმნის სივრცეს, სადაც ისინი შეხვდებიან, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. ერთ–ერთი სასტუმროს წარმომადგენელმა თქვა, რომ 6 წელია, რაც მე ამ რეგიონში ვარ, თუმცა არ ვიცნობ ადგილობრივ ხელისუფლებას, არ დაინტერესებულა რა გვჭირდება, რა გვინდა. ჩვენი რეკომენდაციაა საწარმოებისა და რესტორნების მონაცემთა ბაზების შექმნა, გამოფენებისა და ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ.“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას ლიზი სოფრომაძემ.
მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად კახეთში ხორციელდება პროექტი MOLI კახეთში. მეწარმეებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების ურთიერთგაცნობის მიზნით პროექტის ინიციატვითა და მხარდაჭერით ყვარელში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „რეგიონიდან რეგიონისთვის“. ღონისძიების ფარგლებში მცირე და საშუალო საწარმოების რძის პროდუქტების გამოფენა გაიმართა.
„ჩვენი პროექტი უკვე 6 წელია მუშაობს კახეთში. მეცხოველეობის განვითარების კუთხით. ერთ– ერთი მიმართულებაა რძის გადამამუშავებელ საწარმოებთან მუშაობა. ჩვენ დავგეგმეთ ეს ღონისძიება, რომ მოგვეწვია კახეთში მოქმედი რესტორნები, სასტუმროები, ჩვენი პარტნიორი რძის საწარმოები, რათა მათ ერთმანეთი გაეცნოთ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა რძის საწარმოების პროდუქციის დეგუსტაცია. რძის საწარმოები გააცნეს თავიანთი პროდუქცია, შესაძლებლობები, მიწოდების საშულებები და ა.შ. ეს ძალიან საინტერესო უნდა იყოს სასტუმროებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გაცნობითი შეხვედრა შედეგს გამოიღებს და მათ შორის ჩამოყალიბდება საქმიანი ურთიერთობა“, – ამბობს knews.ge–სთან საუბრისას პროექტის MOLI კახეთში მენეჯერი ალექსანდრე ღოღობერიძე.
პროექტის MOLI კახეთში მენეჯერი ალექსანდრე ღოღობერიძე