სტატიები

დედოფლისწყაროში მდებარე საკვების მწარმოებელი კომპანია სარეალიზაციო ქსელს აფართოებს

ამ ეტაპზე პროდუქცია „გუდვილის”, „უნივერსამის”,„ზღაპარი-ს” ქსელში, ასევე, თბილისის 300-მდე მაღაზიაშია წარმოდგენილი. მომავალი კვირიდან კომპანიის მიერ დამზადებული საკვები „კარფურის” და „ფრესკოს” ქსელშიც გაიყიდება.
საწარმოს მარკეტინგის მენეჯერის, ქეთი ქელეხსაშვილის ინფორმაციით, სექტემბრიდან მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს და რამდენიმე სახეობის, მათ შორის ვეგეტარიანული და სამარხვო კერძების, დამატებაა დაგეგმილი. 
მისივე თქმით, კომპანია “ნაციონალური დელიკატესი ნდ” მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ, სპეციალურ პაკეტებში შეფუთულ, მზა საკვებს აწარმოებს. კომპანიაში 7 სახეობის პროდუქტი, ლობიო ლორით, ბორში ძროხის ხორცით, ხარჩო, ქათმის ჩახოხბიოლი, ქართული ფლავი (შილა ფლავი), ფლავი ძროხის ხორცით (უზბეკური ფლავი) და ბრინჯი ბოსტნეულით მზადდება. 
“საწარმოს მიერ დამზადებული ყველა პროდუქტისათვის გამოყენებულია მხოლოდ ახალი, სუფთა და სასარგებლო ქართული ნატურალური ინგრედიენტები, რაც ერთ-ერთი წინაპირობა იყო საწარმოს ადგილმდებარეობის განსაზღვრაში. ჩვენი პროდუქტი გათვლილია იმ ადამიანებზე, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი და ჯანსაღი კვება. დროის მინიმალური დანახარჯით ადამიანს შეუძლია მიირთვას 100% ით ნატურალური ქართული კერძები. მის მოსამზადებლად ინგრედიენტებს, ანუ ბოსტნეულსა და ხორცს ვყიდულობთ ფერმერებისგან, რომლებსაც პროდუქტის უვნებლობის საჭირო სერტიფიკატები აქვთ”,- განუცხადა Knews.ge-ს ქეთი ქელეხსაშვილმა. 
„ნაციონალური დელიკატესი” საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით 2016 წელს დაარსდა, წარმოების შექმნისთვის კი 1 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. სიმონიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე დღეში საშუალოდ 3000 მზა პროდუქტს ამზადებენ. 
,,მოთხოვნის შემთხვევაში საწარმოს აქვს რესურსი, გააორმაგოს და გაასამმაგოს წარმადობა. საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 30 ადამიანი თუმცა მოთხოვნის ზრდის პარალელურად შესაძლებელია წარმოების გაზრდა და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოხმარების ზრდაც’’,– განუცხადა knews.ge–ს კომპანიის დირექტორმა ოთარ სიმონიშვილმა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ საწარმოს განვითარებისთვის სარეალიზაციო ქსელის გაფართოების გარდა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა, რისთვისაც კომპანია უკვე მზად არის.
„ჩვენი კომპანია მზად არის ჩაერთოს სახელმწიფო შესყიდვებში, თუ არ იქნება რაიმე შემაფერხებელი პირობა, როგორიც არის გამოცდილება და ბრუნვები. ჩვენ ვართ ახალი კომპანია და მსგავს მოთხოვნებს ვერ დავამკაყოფილებთ, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საწარმო, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატებით, საწარმო ხაზებით და დანადგარებით”– აღნიშნავს სიმონიშვილი.
კომპანიას აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:2008. საწარმოში დანერგილია წარმოებაში მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა (HACCP).
,,გვაქვს ვადიანობის დამდასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი საერთაშორისო ლაბორატორიისგან არის მიღებული და პროდუქციის შენახვა განსაზღვრულია 30 თვით. პროდუქციის შენახვას კი უზრუნველყოფს დამზადების ტექნოლოგია და სპეციალური 3 და 4 შრიანი შეფუთვა, რომელიც იცავს პროდუქტს გარემო პირობებისგან და არ შედის რეაქციაში მასთან. პროდუქცია, ასევე, გათვლილია ტურისტებისთვის, ლაშქრობებისთვის, ბანაკებისთვის და ქალაქგარე ღონისძიებებისთვის. კომფორტულია ტრანსპორტირებისას’’, –ამბობს საწარმოს მარკეტინგის მენეჯერი ქეთი ქელეხსაშვილი.