უცხოელებს მიწის ყიდვა გამონაკლის შემთხვევებშიც არ შეეძლებათ
როგორ Knews.ge-ს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გელა სამხარაულმა განუცხადა, დეპუტატებმა ორგანული კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტში აქამდე იყო დარეგისტირებული, უკან გაიწვიეს და ახალ, კიდევ უფრო გამკაცრებულ მიდგომაზე მუშაობენ. მისივე ინფორმაციით, უცხოელებს მიწა მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა.
“მიწის შესახებ კანონპროექტის არსებული ვარიანტი უკან გავიწვიეთ. უცხოელის მიერ დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს ჰქონდა საშუალება, რომ გამონაკლის შემთხვევაში საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწა შეეძინა. ვფიქრობთ, რომ ახალი კანონპროექტით გამონაკლის შემთხვევებშიც კი უცხო ქვეყნის მოქალაქე მიწას ვერ იყიდის. უცხოელებზე მიწა სავარაუდოდ გრძელვადიან იჯარით გაიცემა“, – განუცხადა Knews.ge-ს გელა სამხარაულმა.
მესამე სექტორი მიწის უცხოელებზე მიყიდვის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულ მიდგომად მიიჩნევს. სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ბენიძე ფიქრობს, რომ მოსალოდნელი ცვლილება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეაფერხებს.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით მიწის საკუთრების უფლებაზე შეზღუდვის დაწესებას. ეს არის გარკვეულწილად დისკრიმინაციული მიდგომა. ეს არის გარკვეული ჯგუფების მოთხოვნის შედეგი და მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ქსენოფობიური დამოკიდებულება აქვთ. მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი შეზღუდვები არ უკავშირდება კონკრეტულ გათვლებს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით. ინვესტიციებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს მიწის საკუთრების უფლება უცხოელებისათვის. ქვეყანაში მიწის ფასი რომ მაღალი იყოს, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ბაზარი იყოს ფართო და მიწის ყიდვა უცხოელსაც შეეძლოს. ეს რეგულაციები მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს იმ მიწის მფლობელებზე, რომლებიც მიწას შესაძლოა გარკვეული სარგებლისთვის იყენებენ“, – განუცხადა knews.ge–ს მიხეილ ბენიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო–სამეურნეო მიწა არ უნდა გასხვსდეს. რუსუდან გიგაშვილი ამავე დროს უცხოური ინვესტიციების შემცირების საფრთხეზეც საუბრობს.
„უცხოელებზე მიწა მასობრივად არ უნდა გაიყიდოს, თუმცა ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს ხედვა ამ აკრძალვის შემდეგ რას გააკეთებს ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. მე მომხრე ვარ გრძელვადიან იჯარასთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში ინდისტრიული წარმოების ჩამოყალიბების პერსპექტივა ნაკლებია. ამავე არსებობს ის საფრთხე, რომ ამ აკრძალვამ გამოიწვიოს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადის შემოდინება“, – აღნიშნავს knews.ge–სთან საუბრისას რუსუდან გიგაშვილი.
უცხოური ინვესტიციების შემცირებას გამორიცხავს საქართველოს პრემიერ მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვა პირველ რიგში არის აუცილებელი პასუხი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილზე.
“გარკვეული შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ მიწის საკუთრებაზე ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის პრობლემას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება ფორმები, როგორიცაა გრძელვადიანი იჯარა კვალიფიცირებული ინვესტორებისთვის და ამ გზით შესაძლებელია, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი ისე, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ არის რეტროაქტიული და არსებულ მფლობელობას არ ეხება“, – ამბობს პრემიერი.
საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. მორატორიუმი იმ მუხლს ეხება, რომელიც დღეს მოქმედ კანონში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების შესაძლებლობას ტოვებს.