სტატიები

ახმეტაში კომპანია „მწვანე რანჩო” დღეში 1000 ლიტრ რძეს აწარმოებს

საწარმოში გადამუშავებული რძით კომპანია „სოფლის ნობათი” მარაგდება. ფერმაში დღეში 1000 ლიტრ რძეს აწარმოებენ.
„მწვანე რანჩოს” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ კომპანიას ფერმაში შვეიცარული და ჰოლანდიური ჯიშის 61–მდე მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავს. მისი თქმით, მათ მიერ წარმოებული პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ზურაბ რამაზაშვილმა მეცხოველეობის ფერმა აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში გახსნა. 
,,ბოლო პერიოდში ქვეყანაში სოფლის მეურნეობას საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა, ამოქმედებულია შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, ასევე სხვა პროგრამებიც. ეს ყველასთვის, ვისაც ფერმერული თუ სხვა სახის მეურნეობის გახსნა უნდა, დიდი ბიძგია. ჩვენი კომპანია „თელავის ღვინის მარანი” დაახლოებით 70 სახეობის ღვინოს აწარმოებს და მათი ფასი საქართველოს სავაჭრო ქსელში 6–დან 150 ლარამდე მერყეობს. ღვინის წარმოების გარდა, გვინდოდა საქმიანობა სხვა მიმართულებითაც დაგვეწყო, ამიტომ გადავწყვიტეთ შპს „მწვანე რანჩოს” ფერმა გაგვეხსნა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში და მოვიპოვეთ 186,000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება, რომლის დახმარებით შევიძინეთ უცხოური ჯიშის ძროხები და ფერმაში მოვაწყეთ პირუტყვისთვის საკვების მისაწოდებელი სპეციალიზირებული ღობე. პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია თვეში აწარმოებს 21, 000 ლიტრ რძეს. წაროებაში მუდმივად ჩართულია 5 ადგილობრივი. ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქცია სუფთაა’’, – განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ რამაზაშვილმა.
კომპანია „მწვანე რანჩოს“ დამფუძნებელი სფეროში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. რამაზაშვილი ამბობს, რომ დარგში პროფესიონალი კადრების დეფიციტია. 
დღეს ამ მიმართულებით მცოდნე ადამიანების ნაკლებობაა. ადამიანები მთელი ცხოვრება სოფელში ცხოვრობენ და არის განცდა, რომ მათ უნდა იცოდნენ საქონელთან ურთიერთობა, თუმცა როგორც აღმოჩნდა ძალიან ბევრი ისეთი საკითხია, რაც არ იციან. დღეს მე მყავს რამდენიმე ადამიანი, ვინც ერკვევა დარგში, შესაბამისად, ისინი ახალ კადრსაც ამზადებენ. რაც არ უნდა კარგი საქონელი და ტექნიკა გქონდეს, მას მართვა სჭირდება’’, – განუცხადა Knews.ge-ს ზურაბ რამაზაშვილმა.
ამ ეტაპზე „მწვანე რანჩო” კადრების გადამზადებაზე მუშაობს. სამომავლოდ კი კომპანია წარმოების გაზრდას გეგმავს. 
,,მუდმივად ვცდილობთ აქტიურად ვიმუშავოთ და ახალი სერვისები დავნერგოთ. ახლა კომპანიაში მიდის შესწავლის და დახვეწის პროცესი, რათა წარმოება უფრო ეფექტური გახდეს,”-აცხადებს რამაზაშვილი.