ახალი ამბები

კაჭრეთში მეწარმეეებისთვის HACCP-ის ალიანსის აკრედიტირებული კურსი ჩატარდა

სემინარი HACCP-ის საერთაშორისო ალიანსის ინსპექტორმა, აიდაჰოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯეფ კრონენბერგმა გამართა. ტრენინგი, რომელსაც 42–მდე ქართველი მეწარმე, ტრენერები და ინსპექტორები ესწრებოდნენ, „მომავლის ფერმერის“ მოწვევით, ACDI/VOCA „ფერმერი ფერმერს“ პროგრამის დახმარებით და კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისის“ მხარდაჭერით გაიმართა. 
როგორც Knews.ge–ს „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარემ, რუსუდან გიგაშვილმა განუცხადა, სემინარის მიზანია HACCP-ის შესახებ მეწარმეების ინფორმირება და საწარმოებში ამ სისტემის დანერგვა. 
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეები გაივლიან ტესტირებას, რომლის საფუძველზეც მათ აიდაჰოს უნივერსიტეტის სერტიფიკატი გადაეცემათ.
,,ტრენინგი, რომელსაც აგრომეწარმეები და ინსპექტორები ესწრებოდნენ, ჩატარდა 20, 21 და 22 ივნისს, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში. HACCP-ის სისტემის დანერგვა აულცილებელია, მაგრამ ვერ სრულდება მთელი რიგი გარემოებების გამო. ერთი მიზეზია ის, რომ მხარეებმა არ იციან საკითხი კარგად. გარდა ამისა, მეწარმემ არ იცის, როგორ უნდა დააკმაყოფილოს HACCP-ის მოთხოვნა. ისინი ხშირად ქირაობენ კონსულტანტს ან ტრენერს, რაზეც დამატებითი ხარჯების გაწევა უწევთ. ჩვენ კი ეს ტრენინგი იმიტომ ჩავატარეთ, რომ მეწარმეებს აღარ დასჭირდეთ არავის დაქირავება. ეს არის აკრედიტირებული კურსი, რომლის გავლის შემდეგაც თითოეულ მონაწილეს შეუძლია დანერგოს HACCP-ის სტანდარტი. აქ, ასევე, არიან ინსპექტორები, რომლებიც მიდიან და საწარმოებს ამოწმებენ. როგორც მეწარმეებს, მათაც ბევრი საკითხის მიმართ აკლიათ სიღრმისეული ცოდნა, მაგალითად: რა კრიტერიუმების მიხედვით შეამოწმონ მეწარმე, როდის შეამოწმონ, რა არის HACCP-ის წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რა უნდა ჰქონდეს გაკეთებული აგრომეწარმეს და სხვა. კურსს ესწრებიან ტრენერებიც, რომლებიც უშუალოდ მეწარმეებთან მუშაობენ ამ სტარნდარტის დანერგვაზე. ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს ჩაუტარდება გამოცდა, რომლის საფუძველზე გაიცემა აკრედიტირებული სერთიფიკატი, რომლითაც მფლობელს საშუალება ეძლევა, საერთაშორისო დონეზე სხვებისთვისაც ჩაატაროს ტრენინგი’’, –განუცხადა Knews.ge-ს რუსუდან გიგაშვილმა.