წინანდალში კლასიკური მუსიკის ცენტრი 14 სექტემბერს გაიხსნება
სამშენებლო სამუშაოები ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ძველი ღვინის მარნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. როგორც knews.ge–ს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით საყვარელიძემ განუცხადა, 1000 ადამიანზე გათვლილი ღია საკონცერტო დარბაზი 2017 წლის 14 სექტემბერს გაიხსნება. კლასიკური მუსიკის ცენტრს „სილქროუდ ჯგუფი“ აშენებს.
„წინანდალში ჭავჭავაძეების სახლ–მუზეუმში, იმის შემდეგ, რაც ძეგლს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, 2008 წელს გაიხსნა კლასიკური მუსიკის კონცერტი. ყოველ წელს რამდენჯერმე ვატარებდით კლასიკური მუსიკის კონცერტს და ჩამოგვყავდა ძალიან ცნობილი ვარსკვლავები. კონცერტი მიმდინარეობდა მცირე სივრცეში და არ იყიდებოდა ბილეთები. კონცერტზე დასწრება შეეძლო მხოლოდ დამსვენებელს, რომელიც მუზეუმში შემოდიოდა. გადავწყვიტეთ, რომ წინანდლის ღვინის მარნის ტერიტორიაზე აგვეშენებინა კლასიკური მუსიკის ცენტრი. 1000 კაციანი დარბაზის მშენებლობა 20 აგვისტოს დასრულდება. ეს ღია დარბაზი იქნება, მაგრამ წვიმისა და მზისგან დასაცავად იქნება დახურული. კლაისკური მუსიკის ცენტრი გაიხსნება 2017 წლის 14 სექტემბერს და ჩატარდება ცნობილი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის და ისრაელის ფილარმონიული 130 კაციანი ორკესტრის კონცერტი, რომელსაც მაესტრო ზუბინ მეტა უდირიჟორებს. კლასიკური მუსიკის ფესტივალი ამ შენობაში 2019–2020 წლებში გაიმართება“, – განუცხადა knews.ge–ს დავით საყვარელიძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 400 ადამიანზე გათვლილი დახურული საკონცერტო დარბაზის მშენებლობაც.