თელავში ახალი სასტუმრო ივნისში გაიხსნება
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „სამეფო” სარგებლობს პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში” ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში კომპანიის საპროცენტო განაკვეთის უმეტეს ნაწილს მეწარმეობის განვითარების სააგენტო თანადაფინანსების სახით დაფარავს.
უწყების ცნობით, სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 278 020 ლარს შეადგენს. სასტუმროში კი 39 ადამიანი დასაქმდება.
,,2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში” დაემატა ახალი კომპონენტი, რომელიც მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. ახალი სასტუმრო თელავში გაიხსნება და სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად კეთილმოწყობილ გარემოს შესთავაზებს. მოცემული ეტაპისათვის, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში” ფარგლებში სახელმწიფომ უკვე მხარი დაუჭირა ქვეყნის მასშტაბით 18 მაღალი სტანდარტის მქონე სასტუმროს მშენებლობას, რომელიც დამატებით 400-ზე მეტ ოთახს შექმნის, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივი ვიზიტორებისთვის და 500-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს”, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.