მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული „კახეთის ხმა“ გახდა
მედია ორგანიზაცია მიიღებს „ინოვაციათა ფონდიდან“ მიკროგრანტს 4000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მეშვეობით შექმნის ვებგვერდს და ვებრადიოს ფერმერებისთვის. „კახეთის ხმა“ დაფინანსდება რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ინტერნიუსი- საქართველო ინტერნიუს ნეთვორქთან ერთად.
პროექტი “დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება მოლდოვაში, საქართველოში და უკრაინაში“ მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და მედიაწიგნიერების ხელშეწყობას საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
“ინოვაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა მედიამ გამონახოს თემისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების და აუდიტორიასთან ინტერაქციის ახალი და დინამიური გზები,” განაცხადა ჯილიან მაკკორმაკმა, ინტერნიუსის რეგიონულმა დირექტორმა ევროპასა და ევრაზიაში.
კონკურსის გამარჯვებულები, ასევე, გახდნენ „ლიბერალი“ და „ფორსეტი“. პროექტის ფარგლებში ფორსეტი შექმნის ვებგვერდს, რომლის მეშვეობით მედიამომხმარებლები ფინანსური ინფორმაციას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების შესახებ საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით. ლიბერალი შექმნის ვებგვერდს, რომელზეც განთავსდება ინფორმაცია საქართველოს საჯარო სკოლების შესახებ საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით.