,,თვითმმართველი ქალაქებისა და თემების გაყოფამ არ გაამართლა”
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, კახა გულედანის განცხადებით, ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად დაიზოგება ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
,,ცვლილებების შედეგად მუნიციპალიტეტებს მეტი რესურსით და მეტი სერვისით სარგებლობის საშუალება მიეცემათ, რაც დეცენტრალიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს”, – განაცხადა გულედანმა.
მისივე შეფასებით, თვითმმართველი ქალაქებისა და თემების გაყოფამ არ გაამართლა, მუნიციპალიტეტების გაყოფის შედეგად არ გაზრდილა მათი საკუთარი შემოსავლები, გაორმაგდა ადმინისტრაციული ხარჯები, ხოლო შემცირდა კაპიტალური ხარჯების მოცულობა.
დაგეგმილი ცვლილებები 2013 წელს გაყოფილი შვიდი თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებასა და მათ ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ 15 მაისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაუგზავნა წერილი, რომლითაც წარმომადგენლობით ორგანოებს მოსთხოვა, ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე. თოთხმეტივე საკრებულომ მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას.