სტატიები

კახეთში ორი თვის განმავლობაში 30–ზე მეტი სოფელი დაისეტყვა

სეტყვა სოფელ ჯუგაანში, ტიბაანსა და ბოდბისხევში მოვიდა. გამგებლის მოადგილის, ბერდია ასანაშვილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 5–დან 80%–მდე მერყეობს. 
„სოფელ მაშნაარში დაზიანდა 40 ჰექტარი ვენახი დაზინდა. ზარალი ოდენობა 40–დან 50%–მდე მერყეობს. 60 ჰექტარზე კი ხეხილი ბაღები, სასოფლო სამეურნეო ნათესები, მრავალწლიანი კულტურები და ხორბლის ყანების დაახლოებით 80% გაანადგურა. 350 ჰექტარზე საშემოდგო კულტურები დაზინდა, თუმცა აქ აზარალი ოდენობა დაბალია და 5–დან 10%–მდე მერყეობს. 28 მაისს მოსულმა სეტყვამ კი დააზიანა 460 ჰექტარი ვენახი, სადაც მოსავალი 60–დან 80%–მდე განადგურდა“, – განუცხადა knews.ge–ს ბერდია ასანიშვილმა. 
10 ივნისს დაისეტყვა საგარეჯოს რაიონის სოფლები ნინოწმინდა და გიორგიწმინდა. სოფლებში გამგებლის წარმომადგენლების ინფორმაციით. სტიქიამ სოფლებში ვენახების, ხეხილის ბაღებისა და ბოსტნეულის 80– 100% გაანადგურა. 
„ზალიან ძლიერი სეტყვა მოვიდა. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, მოსავალი თითქმის განადგურებულია“, – განუცხადა knews.ge–ს სოფელ გიორგიწმინდაში საგარეჯოს გამგებლის წარმომადგენლმა გიორგი ჭიაბერაშვილმა. 
სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი ოთხჯერ დააზარალა. 12 ივნისს კარდენახში, ბაკურციხესა და ჩალაუბანში ვენახები და ხეხილის ბაღები დაზიანდა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაახლოებით 50%–ს შეადგენს. 20 მაისს სოფელ ჭანდარში, ვეჯინში, ძირკოკში, ბაკურციხესა და კოლაგში მოსავალი 50-დან 60%-მდე განადგურდა. 14 მაისს სეტყვამ დაზარალდა სოფლები ჩალაუბანი, მელაანი, არაშენდა და ჯიმითი, სადაც მოსავალი 10–დან 30%–მდე დააზარალა. 
8 მაისს სტიქიამ ზარალი სოფელი მუკუზანს, ველისციხეს, ახაშენსა და ჩუმლაყს მიაყენა. 
სეტყვამ დააზარალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც. სტიქიამ 20 მაისს სოფელ საქობოსა და ჩადუნიანში საზამთროს ბაღები და ვენახები გაანადგურა. როგორც knews.ge–ს სოფლებში გამგებლის წარმომადგენლებმა განუცხადეს, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 60–დან 80%–მდე მერყეობს. 
იმავე დღეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, რუისპირსა და იყალთოში დაისეტყვა ვენახები და მარწყვის მოსავალი, თუმცა ზარალი უმნიშვნელოა. 
ადგილობრივები სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის გამო ,,დელტას“ აკისრებენ პასუხისმგებლობას და ამბობენ, რომ სეტყვისაწინააღდეგო სისტემამ გამართულად არ იმუშავა. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.
,,ამ თვეში ძალიან დავზარალდით, გზებზე სეტყვა თოვლივით იდო. ყველაფერი გაანადგურა, ხეებს და ვაზს ფოთლებიც კი აღარ აქვს, მიწასთან გაასწორა ყველაფერი. ყოველთვის ვიგებთ ხოლმე, როცა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა რაკეტებს ისვრის, ახლა არ გაგვიგია ხმა. დახმარებას ვთხოვთ ხელისუფლებას“, – ამბობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მკვიდრი მიშა ლალოშვილი. 
სეტყვის საწინააღდეგო სისტემის პრობლემებზე ოპოზიციაც საუბრობს. “ნაციონალური მოძრაობის”კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე რადარების არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს. გიორგი ბოტკოველი ამავე დროს ხელისუფლებას მოუწოდებს კახეთი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადოს და ზარალის ანაზღაურება დაიწყოს.
„სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟი ხელისუფლებას 20 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ყოველწლიურად კი შესაბამისი ჭურვების შესაძენად ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი იხარჯება. ფაქტობრივად ის თანხები, რომელიც ხელისუფლებამ 2015 წელს გადაიხადა და შემდეგ ყოველწლიურად იხარჯება, წყალშია გადაყრილი, რადგან 40 დასეტყვილი სოფელი გვაქვს, სადაც ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. მივმართავთ ხელისუფლებას: სასწრაფოდ ჩავიდეს კახეთში პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ადგილზე შეისწავლონ ზარალის მასშტაბები და პირადად უხელმძღვანელონ ზარალის დამთვლელ კომისიას. სოფლები უნდა გამოცხადდეს სტიქიური უბედურების ზონად და სასწრაფოდ დაიწყოს ზარალის ანაზღაურება და დაზარალებული გლეხები 2017 წელს მიწის გადასახადისგან გათავისუფლდნენ”, – განაცხადა ბოტკოველმა.
2015 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტამ“ კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დაამონტაჟა. სისტემის შექმნის უმთავრესი მიზანი კახეთის რეგიონში 600 000 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვაა. პროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მიზნად ისახავს დაღმავალი სეტყვის მარცვლების ზომაში მკვეთრად შემცირებას, ან მათ გარდაქმნას და წვიმის წვეთებად შეცვლას, სეტყვის მარცვლების ფორმირებამდე ღრუბლების განსაზღვრულ სფეროებში სპეციალური რეაგენტის (ვერცხლის იოდიდი) გაფანტვას. სეტყვისაგან დასაცავად კახეთის რეგიონში განთავსებულია 80 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი.სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა წარმოადგენს 60 მმ-იან უმართავ რაკეტას, რომელიც 50-70 გრამ ვერცხლის იოდიდის რეაგენტს შეიცავს. რეაგენტი იფანტება 2,5-4,5 კმ სიმაღლიდან 30-35 წამის განმავლობაში. მსგავსი სახის სამუშაოები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ბულგარეთში, ჩინეთსა და არგენტინაში მიმდინარეობს.